თურქეთში ათობით მედიკოსს ბავშვების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ – სკანდალური საქმის დეტალები

თურქეთში, საავადმყოფოებში სავარაუდო თაღლითობის სქემის საქმეზე, 47 ადამიანი სასამართლოს წინაშე წარსდგა. გამოძიების თანახმად, ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, სამედიცინო პერსონალს ახალშობილები ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადაჰყავდა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პროკურორების განცხადებით, ექიმები, ექთნები და სასწრაფო დახმარების მძღოლები, სულ მცირე, 10 ბავშვის სიკვდილზე არიან პასუხისმგებლები.

ბრალდებულებს ბრალად ედებათ ცრუ დიაგნოზის დასმა, ჩვილების 19 კერძო საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით, სადაც ისინი, სავარაუდოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხანგრძლივი, ზოგჯერ არასაჭირო მკურნალობისთვის იმყოფებოდნენ.

1400-გვერდიანი საბრალდებო დასკვნის თანახმად, თაღლითური სქემის მონაწილეებმა სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები გაინაწილეს, რომელსაც ბავშვების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებისთვის ყოველდღიურად იღებდნენ. ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლოს შენობის წინ ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში.

გამოძიების შედეგად ათ საავადმყოფოს ლიცენზია გაუუქმდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები