14 წლისაა და ყველაზე მეტად პორტრეტების ხატვა უყვარს. მოსწონს, ადამიანის სახეს რომ აცოცხლებს. მეგობრები ზოგჯერ ვერც არჩევენ, ნახატია თუ სურათი.
ასე აოცებს ირგვლივ ყველას და ეს თავადაც ძალიან სიამოვნებს.
მასალის მომზადებისას ჯერ დედას, შემდეგ კი მხატვარს გავესაუბრეთ. – გვანცა ვარამაშვილის პერსონა.
ცისანა გელაშვილი, დედა: „4 შვილი მყავს. გვანცა 2010 წლის 2 მარტს დაიბადა და დედის დღის საუკეთესო საჩუქარი იყო.
ბავშვობიდანვე ძალიან გონიერი და ინტერესიანი იყო. მე-6 კლასში დაინტერესდა ხატვით. ჩემი ძმისშვილი ლაზარე გელაშვილი ხატვას ასწავლიდა ბავშვებს და თავადაც დიდი ინტერესით მოეკიდა ამ საქმეს.
ყველა მისი ნამუშევარი გვაოცებდა, თუმცა თვითონ კრიტიკულად უყურებდა. ისე, ბავშვობიდან მივაჩვიე სწორად აზროვნებას, დამოუკიდებლად შეფასებას. ოჯახში ყველას გვეგონა, რომ მისი უფროსი და უფრო აირჩევდა ხატვას, როგორც პროფესიას, მაგრამ მისთვის ხატვა ჰობია და ფერებში ხატავს.
2021 წლის დეკემბერში მოგვიტანა პირველი ნახატი, რომელიც კლასში მასწავლებელთან ერთად შეასრულა. პირველი პორტრეტის დახატვის შემდეგ კი ძალიან დაბნეულები და გაოცებულები ვიყავით. შემდეგ უკვე მეგობრებს და საყვარელ მასწავლებლებს დაბადების დღეზე ასეთ პორტრეტებს უხატავდა. დახატა ძმა, შემდეგ – რიანას ბრწყინვალე პორტრეტი“.
გვანცა ვარამაშვილი:
– ვხატავ მეგობრებს და მსახიობებს. მეგობრების საყვარელ მსახიობებსაც.
– მასალა?
– ნახშირი და უბრალო ფანქარი.
– საღებავებით არ გიცდიათ?
– პორტრეტი არა, თუმცა ერთი ნახატი დავხატე აკრილით. მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, ფერადი ფანქრებით ხატვა უფრო მომწონს.
– ერთი ნახატის ისტორია…
– მახსოვს, მეგობარს დაბადების დღეზე პორტრეტი ვაჩუქე. მას ეგონა, რომ ჩარჩოში ჩადებული სურათის ქსეროასლი იყო. სახლში რომ მივიდა, როგორც გავიგე, ჩარჩო გაუტყდა და მიხვდა, რომ ნახატი იყო.
– შთაგონება?
– ჩემი შთაგონება ალბათ ისაა, რომ მიყვარს, როცა სხვას ვახარებ. თითქმის ყველა პორტრეტი სხვებისთვის დავხატე. ვჩუქნი, რადგან მსიამოვნებს ადამიანების გაოცება და სიხარული. ჩემთვის ძალიან ცოტა მაქვს დატოვებული.
– და გული არ გწყდებათ?
– არა, რადგან ჩემგან სამახსოვროდ ექნებათ მთელი ცხოვრება.
– საყვარელი მხატვარი?
– ლაზარე გელაშვილის ნახატები ძალიან მომწონს. ჩემი ბიძაშვილი და მასწავლებელია.
თამარ შაიშმელაშვილი