კონსტანტინე გამსახურდია იტალიის ელჩს საქართველოში შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია იტალიის ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
კონსტანტინე გამსახურდიამ სტუმარს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრინციპები გააცნო.0
ელჩი დაინტერესდა ეროვნული ბიბლიოთეკის დაარსების ისტორიით, შენობების არქიტექტურით, ფონდების რაოდენობით, ბიბლიოთეკის ფონდში დაცული იშვიათი გამოცემებით.
„ჩვენ გვაქვს წიგნები როგორც ქართულ, ისე მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის არის იტალიური გამოცემებიც. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – ქართულ-იტალიური ლექსიკონი – 1629 წელს რომში დაიბეჭდა. ცნობილმა ქართველმა მწერალმა, ჩემმა ბაბუამ, კონსტანტინე გამსახურდიამ გასულ საუკუნეში იტალიურიდან ქართულად თარგმნა დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვა არაერთი იტალიური გამოცემაც ინახება“, – განაცხადა ელჩთან შეხვედრისას კონსტანტინე გამსახურდიამ.
სტუმარმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მიღებული ინფორმაციის გამო და ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ვიზიტიც დაგეგმა.
მასიმილიანო დ’ანტუონომ დაათვალიერა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის ქ. N7) განთავსებული იტალიური წიგნის ბიბლიოთეკა. აქ დაცულია თანამედროვე იტალიური ლიტერატურა, როგორც დარგობრივი გამოცემები, ასევე სახელმძღვანელოები.
ეროვნული ბიბლიოთეკის იტალიურმა კუთხემ ელჩის მოწონება დაიმსახურა. სტუმარმა ბიბლიოთეკასთან მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.