გიორგი ვაშაძე: საქართველოს ნინო ლომჯარიამდე გაცილებით უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან შესუსტებულია.
ვაშაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნებს კონკრეტულად მოგვიანებით გაეცნობა, თუმცა ზოგადად, მიიჩნევს, რომ ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი ომბუდსმენები ჰყავდა.
„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ლომჯარიამდე საქართველოს გაცილებით უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე უჩა ნანუაშვილი, ვისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა.
გაცილებით სწრაფად, მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა ხოლმე ყველა ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და პრობლემების მოგვარებაში თვითონ ერთვებოდა. ვფიქრობ, დღეს ჩვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან შეგვისუსტდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის შეფასებით, ნინო ლომჯარიას ახასიათებს იმის თქმა, რომ არჩევნებზე დარღვევები ორივე მხრიდან იყო.
„საერთოდ, ამ ქალბატონს ახასიათებს ხოლმე იმის თქმა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევები ორივე მხრიდან იყო. უკაცრავად, რა? ამ არჩევნებზე მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების ამ მასობრივ დარღვევებზე საუბრობდეს. რა ორივე მხარე, რის ორივე მხარე. ზეგავლენა ჩვენ გვქონდა? საარჩევნო ჯიხურებთან ჩვენ ვიდექით იქ ადამიანებს რომ აიძულებდნენ შემოეხაზათ? სამწუხაროდ, ამ ქალბატონს ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს“, – აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები