„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ზუგდიდის მერის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას მიერ თანამდებობის დატოვებას განცხადებით ეხმაურება.
„ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.
შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება. სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ.
გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.
„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.
ერთ-ერთი ვერსიით, ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა. ამის დამადასტურებელი კი ფარული აუდიოჩანაწერიც არსებობს. არსებული აუდიოჩანაწერის თანახმად, ზუგდიდის მერი ერთ-ერთ ბიზნესმენს ზუგდიდში რამდენიმე ფართობის ტერიტორიას ტენდერის გარეშე სთავაზობდა.
ზუგდიდის მერმა სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა: „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები