„სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი უნდა ჰქონდეთ, რათა საზოგადოება მაქსიმალურად დავიცვათ ზიანისა და მავნე ზეგავლენისაგან”

„მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დადგა ახალი სამართლებრივი რეალობა – მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მარიხუანას მოხმარების რეგულაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, დავალება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შესაბამისი კანონპროექტი მოემზადებინა, რომელიც მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის მკაცრ ჩარჩოებს შექმნიდა.
„იმისათვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცავებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით, მისი ახალგაზრდა ნაწილი მაქსიმალურად დავიცვათ ზიანისა და მავნე ზეგავლენისაგან. მარიხუანას მოხმარების რეგულაციის შესახებ კანონპროექტი გადაეგზავნება პარლამენტს. კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საჯარო მოხელეებისთვის, პედაგოგებისთვის ექიმებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, მოზარდების მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად დაისჯება 21 წლამდე პირის მიერ მარიხუანას მოხმარება, ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება 21 წლამდე პირთა მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება.
„ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის. შეგახსენებთ, რომ მარიხუანას გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დასჯადია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეგულაციის ნაწილია ის, რომ მკაცრად რეგლამენტირებული იქნება კანაფის კულტივაცია, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები