აკაკი ზოიძე: მარიხუანა გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება. ამის შესახებ ზოიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზოიძემ აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, უმკაცრესი რეგლამენტაცია უნდა მოხდეს.
მისი თქმით, მარიხუანას მოხმარება 21 წლამდე აკრძალული უნდა იყოს.
„მარიხუანა გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს. თუ არასრულწლოვანი და მოზარდი თაობა იყენებს მარიხუანას, ზიანი 7-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. ამიტომ, აუცილებელია, რომ მინიმუმ, გადაწყვეტილების მიღების ასაკი განისაზღვროს იმის თაობაზე, შეგიძლია თუ არა, მოწიო 21 წლამდე.
ამას გარდა, მინიმუმ, უნდა შეეხოს ის აკრძალვები, რაც ეხება თამბაქოს, ანუ საჯარო ადგილებში მოწევაზე საუბარი, სადაც შეგიძლია მეორე პირს მიაყენო ზიანი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარიხუანას კვამლი კანცეროგენული არ არის, ძალიან ცდება. ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კანცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ა.შ, სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა. ეს არის აკრძალვების მინიმუმი. ამის გარდა, კიდევ ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია”, – განაცხადა ზოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.
„მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების “ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა.
მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია არ ნიშნავს ამ პროდუქტის სრულ ლეგალიზებას. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები