ბესელია უმცირესობაზე: მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას ქუჩის საქმეზე დასკვნას ამზადებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი კონსტიტუციას და ყველა სტანდარტს არღვევს, რასაც კომისია უნდა იცავდეს.
„ჩვენი დასკვნის პროექტი მოვამზადეთ, თუმცა ეს არ არის ალტერნატიული დასკვნა. ის ვერსია მოვამზადეთ, რაც არის ობიექტური და რეალური, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, კონსტიტუციას და ყველა სტანდარტს არღვევს, რასაც კომისია უნდა იცავდეს. ან არ იციან და ან ზღვარს შეგნებულად გადააბიჯეს, რადგან არ შეიძლება, პარლამენტმა მართლმსაჯულების ან პროკურორის ფუნქცია შეითავსოს. კომისიას თავისი მანდატი აქვს, რომლის ფარგლებშიც უნდა უპასუხოს კითხვებს. ვის რა კვალიფიკაცია უნდა შეეფარდოს, ეს სასამართლოს მოვალეობაა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მოსამართლის ფუნქცია შევითავსოთ.
დღეს წარვადგენთ ჩვენს ვერსიას, ვერ გეტყვით, რა მოხდება. იმ პროექტს ვერ დავეთანხმებით, რომლითაც დარღვეულია კონსტიტუციის ყველა პრინციპი და მომზადებულია მცდარ, არასწორ შეფასებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ არ იყო გასული ორი დღის განმავლობაში, კომისიის მუშაობაში საპარლამენტო უმრავლესობა ჩართული, ბესელია შემდეგ განმარტებას აკეთებს:
„ეს არი იყო ბოიკოტი, ეს არ იყო ჩვენი მხრიდან კომისიის, როგორც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნილი ორგანოს მიმართ უპატივცემულობა, ეს იყო ძალიან არაკოლეგიალური, არაკორექტული დამოკიდებულება კომისიის იმ წევრების მხრიდან, რომელთაც ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება სხდომების დანიშვნის თაობაზე, ისე, რომ ეს არ იყო კონსულტირებული და გავლილი ჩვენთან ერთად,“ – აცხადებს ეკა ბესელია.