ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას პოზიტიურად აფასებს,- ამის შესახებ საკუთარი პოზიცია ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წლისა და შეთანხმების ძალაში სრულად შესვლიდან 2 წლის თავზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორცილების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისას დააფიქსირა.
ევროპარლამენტის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ევროპარლამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას. ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია მიღწეული პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით; ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სასაზღვრო სექტორების რეაბილიტაციის გაძლიერებას. ასევე ხაზგასმულია და დადებითად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა,- ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეიყვანონ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში.