აკაკი ზოიძე მედიკამენტებზე ფასების შემცირების საკითხზე: ეს არის უზარმაზარი შეღავათი

“ეს არის უზარმაზარი შეღავათი – თვეში დაახლოებით 30-40 ლარის დანაზოგი პენსიებიდან”,- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებას.

მისივე თქმით, კონკრეტული ჯგუფებისთვის პრეპარატებზე ფასების შემცირება მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგანაც დღეს დანახარჯები წამლებზე მნიშვნელოვანი გამაღარიბებელი ფაქტორია.

“კატასტროფული დანახარჯების წყარო გახლავთ მოსახლეობის ნაწილის, დაახლოებით 30%-ისთვის და ეს ინიციატივა, რეალურად, შეგვაძლებინებს ასობით ათასი ადამიანის მდგომარეობის გამოსწორებას იმით, რომ მათ აღარ ექნებათ ეს გამაღარიბებელი დანახარჯები, რადგან 30-მდე სახეობის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტის ფასების პრაქტიკულად განახევრება და კიდევ უფრო გაიაფება მოხდა პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც არის, ჯამში, დაახლოებით 800 000 ადამიანი. ეს არის უზარმაზარი შეღავათი – თვეში დაახლოებით 30-40 ლარის დანაზოგი მათი პენსიებიდან. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და ამ თანხის დახარჯვა მათ შეუძლიათ სხვა მიზნებისათვის, რაც მათი სიღარიბისგან დაცვის საშუალებაა.

მომავალში, უფრო მეტი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი ეს ფასები აღნიშნულ მედიკამენტებზე, ასევე, უნდა გაფართოვდეს მედიკამენტების ჩამონათვალი – როგორც სოციალურად დაუცველთათვის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პენსიონერებისათვის. ასევე, ერთი სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, ეს გავრცელდება სხვა სააფთიაქო ქსელებზეც. ასევე, მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს – მკურნალ ექიმებსა და ოჯახის ექიმებს, რომ აუცილებლად გამოუწერონ ეს მედიკამენტები იმ დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ – ესაა პენსიონერები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები. დიდი მადლობა კერძო სექტორს, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში”,- აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები