სოფო კილაძის თქმით, პროკურატურის ახალი რეფორმა თითოეული ადამიანის დაცვის სტანდარტს გააუმჯობესებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ძლიერი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე პროკურატურას დიდი როლი აკისრია.
“ძლიერი დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე პროკურატურას დიდი როლი აქვს, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვის პროცესში. მართლმსაჯულების სისტემაში, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია პროკურატურა, ბევრი ცვლილება განხორციელდა, რამაც თვისობრივად მაღალ ეტაპზე აიყვანა ადამიანის უფლებათა დაცვა. თუმცა, იმავდროულად, არსებობს რიგი გამოწვევებისა, მათ შორის ის, რომ საზოგადოების ნაწილის მიმართ სამართლიანობა ჯეროვნად ვერ აღდგა. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახელმწიფო ნება, ქართული მართლმსაჯულება უტოლდებოდეს ევროპულ სტანდარტს, თუმცა ამ ნებას სჭირდება სამართლებრივი მექანიზმი, იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიქმნას სტაბილური, ხარისხობრივად ძლიერი ინსტრუმენტი, როდესაც თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა არ იქნება დამოკიდებული კონკრეტული ხელისუფლის თუ თანამდებობის პირის კეთილ ნებაზე. ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ გზაზე. ამ ერთიან კონტექსტში, იმისთვის, რომ ხარისხობრივად გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, დაცული იქნას თითოეული ჩვენი მოქალაქე, დაიძლიოს არსებული გამოწვევები და საქართველო კიდევ უფრო თამამად დადგეს ევროპული ოჯახის წევრების გვერდით, მთავარი პროკურორის ინიციატივა რეფორმასთან დაკავშირებით, არის აუცილებელი. პროკურატურის ახალი რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თითოეული ადამიანის დაცვის სტანდარტს საქართველოში და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე. ბუნებრივია, ამ რეფორმას პარლამენტის მხრიდან ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა”,- განაცხადა სოფო კილაძემ.