ზვიად ქორიძე: დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი განსახილველად, კომისიის უახლოეს სხდომაზე გავა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით, დღეს მიმართეს. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად. მისივე თქმით, დოკუმენტს უშუალოდ ბრალდებულმაც უნდა მოაწეროს ხელი.
„შეწყალების პროცედურას იმ დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტმა, აუცილებელია, თავად მსჯავრდებულის თანხმობა. ჩვენ მივიღებთ ამ თანხმობის შემდგომ დოკუმენტაციას დაწესებულებიდან, რომელიც მომზადდება სპეციალური ცნობის სახით, შეწყალების კომისიისთვის და უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად. ეს არის პროცედურა, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინც გარკვეულწილად, ზოგადად ან უშუალოდ, რომელიმე მსჯავრდებულის გამო, დაინტერესებულა შეწყალების პროცედურით, ამ ბოლო წლების განმავლობაში”,- განაცხადა ქორიძემ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად, მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები