საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის საკითხზე შეხვედრა გამართა
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დახვეწასთან დაკავშირებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, საჯარო სამსახურის ბიუროს, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP)და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა მიმართა, რომელმაც ქონებრივი დეკლარაციების შევსების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე და მათი აღმოფხვრის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
„2017 წელს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა და ერთი წლის თავზე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის ეფექტურობასა და მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე. შეხვედრაზე ერთწლიანი მონიტორინგის შედეგები შეჯამდება და ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი გავხადოთ. საუბარია სანქციების შეფარდების სიხისტეზე, რასაც ვფიქრობ რომ გარკვეული მოქნილობა აკლია, გამომდინარე იქიდან, რომ არაარსებითი ხასიათის მქონე დარღვევების შემთხვევაშიც კი სანქციები ძალიან მკაცრია. სანქციების სისტემა გარკვეულ დაბალანსებას საჭიროებს, რადგან მოხელე, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განურჩევლად, ერთი და იმავე ოდენობის სანქციის ქვეშ ექცევა. ვფიქრობ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ სანქციის ოდენობა თანხობრივად უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე იმ მოხელის მიმართ, ვისაც ბევრად უფრო ნაკლები თანამდებობრივი სარგო აქვს.
მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია და თავის დროზე, ამ სისტემის საკანონმდებლო დონეზე მიღება, დადებითად შეფასდა როგორც ექსპერტების მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ამიტომ ჩვენი ამოცანაა ეს მექანიზმი კიდევ უფრო სრულვყოთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით, საჯარო სამსახურის ბიუროს მოსაზრებები წარმოადგინა, მისმა ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ. მისი განცხადებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთვის აღნიშნული მონიტორინგის ფუნქციის მინიჭება მას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მატებს. „ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დადგა ადმინისტრაციული წესით მომხდარიყო, პირველ რიგში გადამოწმება და თუ დავინახავდით, რომ არსებობდა გარკვეული დანაშაულის ნიშნები, მაშინ შესაბამის უწყებაში გადაგვეგზავნა აღნიშნული საქმე. ამიტომაც საჯარო სამსახურის ბიუროს დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და ამ უფლებამოსილების განხორციელება სსიპ-ის დამოუკიდებლობის ხარისხს უსვამს ხაზს. ბიურო მაქსიმალურად ეცადა მონიტორინგის შედეგებზე არ გაჩენილიყო კითხვები თუ რამდენად დამოუკიდებელი იყო უწყება გადაწყვეტილების მიღების დროს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამსახურმა დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ნებისმიერი დეკლარანტის მხრიდან არ მომხდარიყო ჩვენი ობიექტურობის და დამოუკიდებლობის ხარისხის ეჭვის ქვეშ დაყენება“, – აღნიშნა ეკატერინე ქარდავამ.
შეხვედრა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე დისკუსიით გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეებმა პარლამენტის წევრებმა, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.