სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში დაიბადა. სკოლაში უკვე შეამჩნიეს ხატვის ნიჭი. თუმცა ისე მოხდა, რომ სწავლა განაგრძო თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მოგვიანებით კი, 90-იანი წლების ბოლოს – სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელში.
მუშაობდა, ხატავდა, შვილებს ზრდიდა, ოცნებობდა მომავალზე, მაგრამ მასაც, სხვა ქალბატონების მსგავსად, ცხოვრების ქარტეხილების პირისპირ დარჩენილს, 2004 წელს საზღვარგარეთ ემიგრანტად მოუწია წასვლა… ესპანეთში ახალი ცხოვრება დაიწყო, 2018 წელს კი ჯანმრთელობის სერიოზულმა პრობლემამ – მკერდის სიმსივნემ ყველაფერი შეცვალა – ოპერაციის შემდეგ – ხატვა გახდა სიცოცხლისა და ახალი ენერგიის წყარო. მისი ნახატები საზოგადოებამ გაიცნო და პოპულარობაც მალე მოიხვეჭა. მიიღო მრავალი ჯილდო, სერტიფიკატი და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები.
პირველი დიდი გამარჯვება სიცილიაში „ოსკარით“ აღინიშნა, რასაც მოჰყვა გამოფენები ევროპის სხვადასხვა ქალაქში – მილანში, პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და თბილისში…
დეკემბერში გეგმავს ვენეციის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღებას – ევროპის პრემიაზე. – მარია ხატიაშვილის პერსონა.
– ქიზიყის ულამაზეს სოფელ ტიბაანში დაიბადეთ…
– ჩემი ცხოვრება ადვილი არასოდეს ყოფილა. გზაზე უამრავ სირთულეს შევხვდი, თუმცა თითოეულ მათგანს მოთმინებით, ადამიანობით და დიდი სიყვარულით დავუპირისპირდი.
დრომ ყველაფერი მასწავლა, დიდმა ტკივილმა – მოლოდინი, მოლოდინმა – მიზნისკენ სწრაფვა, სევდამ – სიხარული. როდესაც ამ გადასახედიდან ვუყურებ განვლილ გზას, გული სიხარულით და ბედნიერებით მევსება. მე ეს შევძელი – სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს და დიდი ისტორიის მქონე სოფელში დაბადებულმა ბავშვმა. მამა ინჟინერი იყო, დედა დიასახლისი, მყავს ორი ძმა. ბავშვობა ლაღი და ბედნიერი მქონდა.
– პედაგოგიური ინსტიტუტი და შემდეგ – სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელი დაამთავრეთ…
– ხატვის ჩემი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენია ხატვის მასწავლებელს ტარიელ კვირიკაშვილს. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სწავლა გავაგრძელე პუშკინის სახელობის (ახლანდელი ილია ჭავჭავაძის სახელობის) პედაგოგიური ინსტიტუტის (1980-1985) ზოგადტექნიკისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 1983 წელს დავიწყე მუშაობა ტიბაანის საშუალო სკოლაში, მაგრამ დაოჯახების შემდეგ გადავედი სიღნაღის საშუალო სკოლაში ტექნიკური შრომის, ხაზვის და ხატვის მასწავლებლად.
ხელოვნების სასწავლებელში 90-იანების ბოლოს, სამი წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება, მესწავლა ფერწერა კიევის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული პედაგოგის დავით ბაგალიშვილის ხელმძღვანელობით. პლენერზე ხატვას გვასწავლიდა არქიტექტორი თამარ ნაცვლიშვილი. უზომოდ დიდი მადლობელი ვარ ქეთევან მანჯაფარაშვილის, მისი ჰუმანურობის და პროფესიონალიზმის ხელშეწყობით გავაერთიანე ხატვის სამი სხვადასხვა ტექნიკა. 2000 წელს დავემშვიდობე სკოლას და უკეთესი ეკონომიური პირობების საძებრად თბილისში გადავედი ჩემს სამ შვილთან ერთად.
– 2004 წელს მოგიწიათ საზღვარგარეთ წასვლა… შემოქმედებითი ცხოვრება ესპანეთში გაგრძელდა…
– ცხოვრების სირთულეებმა და ეკონომიკურმა გასაჭირმა 2004 წელს ემიგრანტობის გზას დამაყენა. მცირეწლოვანი შვილები დავტოვე საქართველოში და გადაშლილი წიგნი სკოლაში, რომელსაც მოგვიანებით ერთი ძალიან უბრალო ნახატი მივუძღვენი: გადაშლილი წიგნი ყვავილებით.
ფუნჯები და საღებავები შევინახე, ხოლო ოცნებები გამოვკეტე უჯრაში, იმ იმედით, რომ ოდესმე გამოვხსნიდი და ავისრულებდი: გავმხდარიყავი მხატვარი.
საქართველოში მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვიყავი, სამხატვრო წრეში არავინ მიცნობდა.
– 2018 წელს, ხატვას მეორედ დაუბრუნდით, როდესაც ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნა… დიდი ტკივილი ფერებად გარდაიქმნა? ახალი ეტაპი დაიწყო…
– როდესაც ვიფიქრე, რომ დრო მოვიდა, ფუნჯი ამეღო ხელში, 2018 წელს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები (მკერდის სიმსივნე დამიდგინეს). იმდენად იმოქმედა ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომ ოპერაციის მერე სახლში დაბრუნებულმა, როგორც კი შევძელი ფუნჯის აღება, ჩემი ტკივილი ფერებში დავხატე: გაძარცული შემოდგომა. იმდენად ძლიერი იყო კავშირი ჩემსა და ნახატს შორის, რომ როგორც აღვიქვამდი ჩემს ცხოვრებას, ისე გადავიტანე ტილოზე. მარცხენა მხარეს დავხატე ყრუ კედელი მუქ ფერებში (მარცხს შევადარე და მარცხნივ დავხატე კედელი). რამდენჯერ შემახეთქა ცხოვრებამ კედელს. კიბეები, რომელიც ორ ფერში გამოვსახე, ეს ჩემი იმედი იყო,რომ კიდევ შევძლებდი ცხოვრების საფეხურებს ავყოლოდი ზევით და ზევით. მაგრამ იქ, ზევით, უხეში ხაზებით გამოვსახე ფოთლებისგან გაძარცული ხე, თითქოს ჩემი ოცნებებივით შემოდგომას ასე შეუბრალებლად გაეძარცვა, მაგრამ ყვითელი და ოდნავ შეპარული მწვანე ფერით ფონი დავხატე, იმედის და სიცოცხლის, იმედის, რომ გაზაფხული ისევ დადგებოდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ოცნებებიც ხესავით გაიფოთლებოდნენ.
– საბადელის პირველ გამოფენაში თქვენი შვილიც მონაწილეობდა. როგორ გაიხსენებთ იმ დღეებს?
– დავიწყე ცხოვრების ახალი ეტაპი. აღარ გამიშვია ფუნჯი ხელიდან. როცა შემიგროვდა საკმარისი ნახატები, ქართული დიასპორის ხელმძღვანელის, ქალბატონი დიანა ციხისთავის ხელმძღვანელობით ოთხ მხატვართან ერთად საბადელში მოვაწყვეთ გამოფენა სახელწოდებით: „ქართველი მხატვრები მშვიდობისათვის”, სადაც ჩემი შვილი ანა მონაწილეობდა.
მინდა უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ქალბატონი დიანასადმი, რომ მომცა საშუალება, გადამედგა პირველი ნაბიჯი იმ დიდ გზაზე, რომელსაც უკვე ოთხი წელია მივყვები. გამოფენამ დიდი მოწონება, დადებითი შეფასება მიიღო, ქართველი ქალი მხატვრების მიმართ ბევრი სასიამოვნო კომენტარი მოვისმინეთ.
– შთაგონება…
– ნებისმიერი ჩემი ნამუშევარი ცხოვრებისეული ისტორიის გამომხატველია. თითქოს შთაგონებას ყოველდღიურობაში ვხედავ.
– მრავალი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე და სერტიფიკატის მფლობელი ხართ. და მაინც, რომელმა გამოფენამ დატოვა განსაკუთრებული ემოცია თქვენში?
– ესპანეთში მოწყობილი გამოფენების შემდეგ უფრო მომემატა სითამამე, დავიწყე ჩემი ნამუშევრების ფოტოების გაგზავნა ევროპის რამდენიმე გალერეაში. პირველი გამოხმაურება სიცილიიდან მივიღე, მიმიწვიეს პირველ ბიენალზე ჩიარამონტი გულფის ერთ-ერთ ისტორიულ გალერეაში. პირველი დიდი წარმატება – ოსკარის ჯილდო (2023 წელს) გადმომეცა, სიხარულისგან ვტიროდი. მიმიწვიეს სიცილიაში, მონტეროსო ალმოში, გამოფენაზე, სადაც მომენიჭა მსოფლიო კულტურის ელჩის წოდება.
ამას მოჰყვა ევროპის ტოპ შესარჩევ გამოფენებში მონაწილეობის მიღება მილანში, პარიზში, ბერლინში, ლონდონში. აგრეთვე ნიუ-იორკში (ორჯერ) და მაიამის ინტერნეტგამოფენა. უკვე სამი წელია ლუქსემბურგის ევროპის პრემიის გამოფენაშიც ვმონაწილეობ, მართალია ფულადი ჯილდო ვერ მივიღე, მაგრამ თვითონ მონაწილეობაც კი იმდენად მსიამოვნებს, ასეთი ბუმბერაზი მხატვრების გვერდით ჩემი მოწიწებული სიტყვაც რომ მეთქმის. მათგან, ასეთი გამოფენებიდან, ბევრს ვსწავლობ. გასულ წელს გავბედე და მოდილიანის პრემიაზეც წარვადგინე ჩემი ნამუშევარი.
– ამ ბოლო დროს ლექსებსაც წერთ. როგორ მონაცვლეობს მუზა ხატვასა და პოეზიას შორის?
– ვფიქრობ, ჩემი ემოციების გამოხატვამ ფერებში გააღვიძა ლექსის წერის სურვილი. ხატვა და ლექსის წერა ჩემს შინაგან ბუნებას ავსებს.
აი, თუნდაც ერთ მაგალითს მოვიყვან: ზაფხულში დილით, უთენია გავდიოდი ჩემი მოლბერტით ზღვის სანაპიროზე, პლენერზე, ვეძებდი ადგილს, სადაც მეტი სიმყუდროვე იყო. სიტყვები თავისით იწყებდნენ მოსვლას. მართალია ჩემს პოეზიას ეტყობა, რომ დამწყები ვარ, მაგრამ მიხარია, ჩემს შეგრძნებებს ერთდროულად გამოვხატავ სიტყვიერად და ფერებში.
– ოჯახი, შვილები… ხატავს თქვენი შვილიც…
– მეუღლე გარდაიცვალა და სამივე შვილის გაზრდა ჩემს მხრებზე გადავიდა, ამიტომ თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად სამივე ესპანეთში ჩამოვიყვანე.
უფროსმა დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ბიოლოგიის სპეციალობით, მუშაობდა თბილისის ზოოლოგიურ პარკში და პარალელურად სწავლობდა დოქტორანტურაში, მაგრამ ვერ დაინახა პერსპექტივა და წამოვიდა ბარსელონაში. სწავლა გააგრძელა ბარსელონის მაგისტრატურაში ბიოლოგიის სპეციალობით. ამით არ შემოიფარგლა და დაამთავრა ბარსელონის სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა გაიარა მადრიდში და ამჟამად მუშაობს ქირურგად საავადმყოფოში. ეწევა სამეცნიერო გამოკვლევებს, იწვევენ ევროპის და ამერიკის ქირურგთა კონგრესებზე.
მეორე ქალიშვილი სწავლობდა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე და პირველი კურსი მიატოვა, არის მხატვარი, მაგრამ პატარა ბავშვები ჰყავს და ვერ მონაწილეობს გამოფენებში.
მესამემ აქ დაამთავრა სკოლა, ბარსელონის უნივერსიტეტი და მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. საუბრობს ხუთ ენაზე და მუშაობს თარჯიმნად, პარალელურად წერს სადოქტორო თეზისს.
ასე რომ, ჩემი მძიმე წლების შედეგია დღევანდელი მათი წარმატება.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი იყო ხატვა, რომელიც პროფესიად ვაქციე.
– სამომავლო გეგმები…
– ამჟამად უმუშევარი ვარ, სახელმწიფოს დაფინანსებით გავიარე ადმინისტრატორის კუსები და ველოდები პრაქტიკის დაწყებას.
საქართველოში სამჯერ მივიღე მონაწილეობა გამოფენებში დიანა და ნინო რევაზიშვილების ორგანიზებით, გადმომეცა დიპლომები, კატალოგები და ორი ძვირფასი ფიგურა: მიქელანჯელოსი და ვენერასი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ასეთი თბილი მიღებისთვის.
დეკემბერში ვგეგმავ ვენეციის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღებას – ევროპის პრემიაზე.
ნახატების უმრავლესობა კი დავარიგე მეგობრებში, ახლობლებში და მხოლოდ 2000 წელს შესრულებული სამი ნახატი შემომრჩა: „მთიულური ცეკვა“, „ავტოპორტრეტი“ და „აბსტრაქცია“.




თამარ შაიშმელაშვილი