ალექსანდრე დარახველიძე: აკუსტიკური იარაღი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ელექტროშოკური მოწყობილობა მიეკუთვნება იარაღთა კატეგორიას, სამწუხაროდ, კანონმდებლობით, მათი შეძენა ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი წინასწარი შესწავლის გარეშე შეუძლია
,,აკუსტიკური იარაღი, აეროზოლური მოწყობილობა, ე.წ. წიწაკის სპრეი და ელექტროშოკური მოწყობილობა მიეკუთვნება იარაღთა კატეგორიას,” – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, თითოეული ამ საშუალების არსებობა, მათი დანიშნულება, გამოყენების წესები „იარაღის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული.
„სამწუხაროდ, დღეს არსებული კანონმდებლობით, მათი შეძენა ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების, წინასწარი შესწავლის გარეშე შეუძლია. მათ შორის, შეუძლიათ მცირეწლოვან ბავშვებსაც. არაერთი შემთხვევა გვაქვს სკოლებში, როდესაც გაზის აეროზოლური მოწყობილობის გამოყენება ხდება. ასევე, არაერთი შეტყობინება მიგვიღია, როდესაც მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა კონკრეტულმა პირმა ქუჩაში და ამ დროს რეალურად ვხვდებით, რომ ფუჭი ვაზნებია გასროლილი და ეს არის აკუსტიკური იარაღი. ასევე, ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც ევროპის თითქმის უმრავლეს ქვეყანაში აკრძალულია, მათი გამოყენება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, რომ თითოეულ ამ საშუალებასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა მოწესრიგდეს, რომელიც წლებია არ გადახედილა და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა პოლიციისთვის“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.