რომელმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მისცეს სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები გირგვლიანის საქმეზე – რას აცხადებს პროკურორი

გირგვლიანის საქმეში ყოფილ მსჯავრდებულთა ჩვენებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ მათ გარკვეული შეთანხმების სანაცვლოდ, შეწყალებას ჯერ კიდევ დაკავებამდე სამი კვირით ადრე დაპირდნენ – ამის შესახებ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ბრალმდებელი­ პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს.
პროკურორის თქმით, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებმა ზუსტად იცოდნენ დაკავების დღე, როგორ პირობებში უნდა მოეხადათ სასჯელი და ისიც, რომ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდებოდნენ.
ნადარეიშვილის თქმით, ამის გარანტიას მათ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც აძლევდა.
“გირგვლიანის საქმეში ყოფილ მსჯავრდებულთა ჩვენებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ მათ, გარკვეული შეთანხმების სანაცვლოდ, შეწყალებას ჯერ კიდევ დაკავებამდე სამი კვირით ადრე დაპირდნენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოება აღაშფ­ოთა გირგვლიანის მკვლელობამ და ითხოვდა საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას, სააკაშვილმა საქმის წარმოება დაავალა­ დათა ახალაიას, რომელმაც 2006 წლის თებერვ­ალში შეკრიბა გირგვლიანის გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და მოსთხოვა, საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებ­ლობა, არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები, სანაცვლოდ კი დაპირდა, რომ პრეზიდენტი შეიწყალებდათ და მათი ოჯახებიც ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებოდნენ.­ ასე რომ, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებმა ზუსტად იცოდნენ დაკავების დღე, როგორ პირობებში უნდა მოეხადათ სასჯელი და ისიც, რომ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდებოდნენ. ამის გარანტიას მათ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც აძლევდა“, – აცხადებს პროკურორი.
ჟურნალისტი ინტერესდება, ოლეგ მელნიკოვის გარდა, კიდევ ვინ მისცა ჩვენება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ და სხვა რა მტკიცებულებები წარადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში.
პროკურორი აცხადებს, რომ მელნიკოვის გარდა, მსჯავრდებულებიდან სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ბიბილურიძემ და აფციაურმა, რომლებიც მაშინ კუდ-ის თანამშრომლები­ იყვნენ, ასევე, მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა­, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. საქმეში არსებობს პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლების ჩვენებებიც, რომლებიც შეწყალების კომისიის საქმიანობაში იყვნენ ჩართული. გარდა ამისა, ჩვენი პოზიცია ემყარებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასამართლოში წარვადგინეთ არაერთი ვიდეოსიუჟეტი, სადაც სააკაშვილი, ფაქტობრივად, აღიარებდა დანაშაულს, თუმცა ამას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევდა“, –აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი გამოცემასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – უფრო კონკრეტულად კი, მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილი, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები