თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები პროფესიულ კოლეჯ “სქილვილს”ესტუმრნენ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „სქილვილ”-ში იმყოფებოდა. საკრებულოს წევრებმა კოლეჯის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებსაც კოლეჯი ახალგაზრდებს სთავაზობს. დეპუტატებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯში 30-მდე სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, თბილისის მერიის პროგრამა “ისწავლე და დასაქმდი” მოქმედებს. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 16 წლიდან ზევით, თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ, დედაქალაქის მერიის 100% -ანი დაფინანსებით, აქვს შესაძლებლობა სასურველ პროფესიას დაეუფლოს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციული პროფესიული პროგრამები ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირდეს. მისივე განცხადებით, დედაქალაქის საკრებულო აქტიურად არის ჩართული პროფესიული სწავლების პოპულარიზაციაში და მუდამ მზად არის ამ მიმართულებით კოლეჯს კომპეტენციის ფარგლებში მხარი დაუჭიროს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.