17 ქვეყანა ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, 17 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი აცხადებს მზადყოფნას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი გარკვეული სანქციების მოხსნის საკითხი განიხილოს, თუ თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოთხოვნილ პირობებს შეასრულებს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების შემსუბუქება დამოკიდებული იქნება ირანის მხრიდან „ნათელ, გადამოწმებად და შეუქცევად“ ნაბიჯებზე, რომლებიც ბირთვული პროგრამის შეზღუდვასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს.
განცხადების ავტორები მიესალმებიან აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ პროგრესს და აღნიშნავენ, რომ შეთანხმების სრულად განხორციელება რეგიონული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სანქციების მოხსნა ავტომატური არ იქნება და ის ირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.