საქართველო სამმხრივ სწავლებას „კავკასიის არწივი 2026“ მასპინძლობს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დაიწყო. საველე ტაქტიკური წვრთნების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მუსტაფა თურქერ არი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დაესწრნენ.
სწავლებაში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სწავლების წარმატებული აღსრულება უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ატაშეების მოადგილეებმა საქართველოში და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა.
სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და გამოცდილების გაზიარება. სწავლება ორიენტირებულია მცირე ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკასა და მისი ამოცანების შესრულებაზე. სწავლებას დააკვირდება შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც სამივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება.