“გამჭვირვალობის კანონი რომ დავაინიცირეთ, ალბათ, საავტორო უფლება უნდა მოგვეთხოვა, რადგან ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეს კანონი მას შემდეგ, რაც ჩვენ დაგვიწუნეს” – მაჭარაშვილი
“2023 წელს ჩვენ, “ხალხის ძალამ” გამჭვირვალობის კანონი რომ დავაინიცირეთ, ალბათ, საავტორო უფლება უნდა მოგვეთხოვა, რადგან ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეს კანონი მას შემდეგ, რაც ჩვენ დაგვიწუნეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
როგორც მაჭარაშვილი ამბობს, გამჭვირვალობის კანონი საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესად მიაჩნდათ, თუმცა, დღეს აღნიშნული კანონი არაერთ ქვეყანაში მიიღეს.
“თურმე, საქართველოში გამჭვირვალობის კანონი ანტიდემოკრატიული პროცესი ყოფილა – საფრანგეთში მიიღეს, თავად ევროპარლამენტში იყო განხილვა, ახლა უკვე რუმინეთში მიიღეს, რადგანაც დაინახა ყველა ხელისუფლებამ, რომ ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი გამოყენებული იყო და დღესაც, როგორც ჩანს, ისევ იყენებენ უცხოური ძალები ამა თუ იმ სახელმწიფოში პარალელური ხელისუფლების სახით.
რატომღაც ახლა ჩვენ არ გვესმის მაგალითად ევროპარლამენტარების, ბატონი კუბილიუსი სად არის? ხომ არის კარგად? გამოვიდეს და თქვას, რომ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კანონი მიუღიათ რუმინეთში. გამოვიდნენ მათ შორის ევროკავშირის, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები და დაგმონ რუმინეთის ეს გადაწყვეტილება, რომ იქ თურმე არასამთავრობო სექტორს ვინმე შეზღუდვებს უწესებს. ეს არის ზუსტად ის სიმართლე, რასაც ჩვენ 2022 წლიდან ვეუბნებით საზოგადოებას. მწარე იყო ეს სიმართლე”, – აცხადებს მაჭარაშვილი.