„მარჩელო“ – ფოტოგამოფენა გაიხსნება

2026 წლის 19 ივნისიდან, იტალიის საელჩო საქართველოში და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოადგენს  ფოტოგამოფენას – „მარჩელო“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ასახავს 1988 წელს, იტალიელი კინოვარსკვლავის – მარჩელო მასტროიანის მოგზაურობას თბილისში, მცხეთასა და გორში, ვიზიტს სერგო ფარაჯანოვთან სახლში და სხვა საინტერესო სცენებს.
გამოფენა მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში 30 ივნისამდე გაგრძელდება.
1988 წლის მარტში იტალიელმა მსახიობმა მარჩელო მასტროიანიმ საქართველოში იმოგზაურა. მისი მოგზაურობა ქართული საზოგადოების, ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და დოკუმენტალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. პროექტი “ასე მხოლოდ იტალიაში მხვდებიან” ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ გადაღებული ფოტოებია, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად აღწერს გასული საუკუნის ორმოცდათიანი წლების იტალიური კინოს ლეგენდის – მარჩელო მასტროიანის ოდისეას საქართველოში. მცხეთა, გორი, თბილისი, შეხვედრა კინოს სამყაროს წარმომადგენლებთან და დაუვიწყარი ჯადოსნური საღამო სერგო ფარაჯანოვთან სახლში სრულყოფილ სურათს ქმნის მარჩელო მასტროიანის სამდღიანი მოგზაურობის შესახებ საქართველოში.
ფოტოგრაფი: იური მეჩითოვი, კურატორი: ლიკა მამაცაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები