ნინო წილოსანი შოთა თუთბერიძის დაჯარიმებაზე: მისთვის შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას

“აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრდა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოჰყვა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ადვოკატ შოთა თუთბერიძისთვის დაწესებულ ჯარიმაზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრდა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოჰყვა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. ეს კონკრეტული [შოთა თუთბერიძე] პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რაიმე სტანდარტი, მორალი, ნორმა ამოძრავებდეს, ამიტომ მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას.

რაც ყველა ქვეყანაში ისჯება, არ შეიძლება აქ [საქართველოში] დაგვიწესონ ნორმად. მაგალითად კანადაში სახელმწიფოს დაბლოკილი აქვს საინფორმაციო საიტები. მაგალითად „ფეისბუქზე“ „სიენენის“ საიტზე როდესაც შედიხარ კანადიდან, წერია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით არ გაქვთ უფლება ამ მედიის საიტზე შეხვიდეთ. სხვა საინფორმაციო მედიასაშუალებებიც დაბლოკილია, რათა არ დააბინძურონ ზედმეტი ინფორმაციის მიღებით საკუთარი მოქალაქეები“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები