კუზანოვის მიერ ჩატარებულ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას 28 წლის გოგო ემსხვერპლა?!

სამედიცინო სკანდალი, რომელიც ამ დრომდე არ ხმაურდებოდა. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ სამართალდამცველებმა სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, ქუთაისში ცნობილი ანესთეზიოლოგი ავთანდილ მამაგეიშვილი დააკავეს. მას ხელბორკილები პირდაპირ საოპერაციოში დაადეს, ბრალი კი პაციენტებისა და კოლეგების თანდასწრებით წარუდგინეს.
საქმე ეხება ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიისა და ონკოლოგიის ცენტრში 28 წლის ლიკა დოღონაძის გარდაცვალებას. გოგონას ცხვირის ძგიდის პლასტიკური ოპერაცია სწორედ ამ კლინიკაში უნდა ჩატარებოდა.  სამედიცინო ჩარევა ფატალური შედეგით დასრულდა.

ამ ფაქტზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრალი ანესთეზიოლოგს წარუდგინეს, თუმცა ამ საქმეში არსებობს რამდენიმე საეჭვო გარემოება, რომელიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიას რადიკალურად ეწინააღმდეგება.
პროკურატურა 35-წლიანი სტაჟის მქონე ანესთეზიოლოგს უსაფრთხო ანესთეზიის თანამედროვე პრინციპების დარღვევას ედავება. რა იგულისხმება ამ პრინციპების დარღვევაში, ამის შესახებ ჩვენ განმარტება ბრალდებულის ადვოკატს, ლედი ტუკვაძეს ვთხოვეთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ლიკა დოღონაძეს ოპერაციას ყველასთვის კარგად ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი უტარებდა.

მას შემდეგ, რაც ანესთეზიოლოგმა პაციენტი დააძინა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანა, საქმეში სწორედ კუზანოვი ჩაერთო. მოსალოდნელი სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით, პლასტიკურმა ქირურგმა პაციენტს „ადრენალინი“ შეუყვანა. ბრალდებულ მამაგეიშვილის ადვოკატი ეჭვობს, რომ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი არა უსაფრთხო ანესთეზიის პრინციპების დარღვევა, არამედ „ადრენალინით“ ზედოზირება გახდა. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ ფიზიოლოგიურ ხსნართან „ადრენალინის“ გაზავების მაჩვენებელი კატასტროფულად მცირე იყო, რასაც შესაძლოა, პაციენტის გულის გაჩერება გამოეწვია.

სანამ ბრალდებულის ადვოკატის პოზიციას გაგაცნობთ, მოდით, ერთად გადავხედოთ სამედიცინო ლიტერატურას, სადაც „ადრენალინის“ შესახებ არის საუბარი:

ადრენალინის ჰორმონი იწვევს სისხლის შედედების გაძლიერებას, სისხლძარღვთა სანათურების შევიწროებას და თვალის გუგის გაფართოებას. ხელოვნური ადრენალინის შემცველ პრეპარატებს სპეციალისტები დიდი სიფრთხილით იყენებენ. ჩვეულებრივ, იყენებენ მოქმედი ნივთიერების არაუმეტეს 0.1-0.25 მილიგრამს, რადგანაც დოზირების დარღვევამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

თუ ეს პრეპარატი გამოყენებული იქნება არაპროფესიონალის მიერ, დიდი ალბათობით, პაციენტს განუვითარდება ზედოზირება. ადრენალინი ძლიერად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, მიოკარდიუმის ინფარქტის, თავის ტვინში სისხლჩაქცევის განვითარება და გულისცემის რიტმის მოშლა. თუ ადრენალინის ზედოზირების მქონე პირს სასწრაფოდ არ გაეწია დროული დახმარება, ის, დიდი ალბათობით, დაიღუპება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მოშლის გამო, ან დაინვალიდდება. ადამიანის სისხლში მოხვედრისას ადრენალინი, ასევე, ადუნებს გლუვ კუნთებს, ბრონქებს, ნაწლავების კუნთოვან ქსოვილს. ხელს უშლის ალერგიული რეაქციებისა და ანთებითი პროცესების განვითარებას, ზრდის სისხლში ლეიკოციტების რაოდენობას. ერთობლიობაში, ეს ჰორმონი ახდენს ორგანიზმის მობილიზებას პოტენციური საფრთხის მოსაგერიებლად, მაგრამ ნორმის ოდნავ გადამეტებაც კი შეიძლება იქცეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში მთელი რიგი გადახრების მიზეზად. მაშინაც კი, როდესაც ხსნარში „ადრენალინის“ კონცენტრაცია არც ისეთი მაღალია, რომ ზედოზირება გამოიწვიოს, ამ პრეპარატის შეყვანა, დიდი ალბათობით, უკვალოდ არ ჩაივლის. მწვავე აუცილებლობის გარეშე გაკეთებულ ინექციას შეუძლია, გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა ან მომატება, შფოთვითი მდგომარეობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გულისრევა, იშვიათ შემთხვევებში კი ფსიქონევროზული აშლილობები, მეხსიერების მოშლის, აგრესიული ქცევისა და პარანოიის ჩათვლით.

მოკლედ, ირკვევა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული ნივთიერება საკმაოდ სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული, მით უფრო, თუ დოზირების დარღვევასთან გვაქვს საქმე. ბრალდებული ანესთეზიოლოგის ადვოკატი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ ამ მნიშვნელოვან გარემოებას გვერდი აუარა და ხელი უდანაშაულო ადამიანს შეაწმინდა.

ლედი ტუკვაძე, ბრალდებული ანესთეზიოლოგის ადვოკატი:

– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიკა დოღონაძის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დააკავეს და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. იგი გახლდათ ანესთეზიოლოგიური და რეანიმაციული განყოფილების გამგე. ედავებიან, რომ თითქოს არ დაიცვა უსაფრთხო ანესთეზიის თანამედროვე პრინციპები, ოპერაციის მიმდინარეობისას, განვითარდა ასისტოლია და პაციენტს გული გაუჩერდა. ბრალდების მხარეს ჰყავს რამდენიმე მოწმე, ესენი არიან გუგა კუზანოვი, მზია კოღუაშვილი და სხვები. გარდა ამისა, მტკიცებულებად წარმოდგენილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. აი, ეს ყველაფერი გახდა ბრალდების შერაცხვის საფუძველი. ორი წლის განმავლობაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ ამ ტრაგედიაში ბრალს დასდებდნენ. 63 წლის კაცია, 35-წლიანი გამოცდილებით. მის პრაქტიკაში არ ყოფილა არცერთი მსგავსი შემთხვევა, არანაირი საჩივარი მის მიმართ არასდროს დაწერილა რეგულირების სააგენტოშიც კი, არათუ საგამოძიებო ორგანოებში. მისი დაკავება მოხდა მიმდინარე წლის იანვარში, პირდაპირ ოპერაციის დროს დაადეს ხელბორკილები, ნაცვლად იმისა, რომ გამოეძახებინათ განყოფილებაში, როგორც აქამდე აკეთებდნენ. სადამსჯელო ოპერაცია პირდაპირ კლინიკაში, კოლეგებისა და პაციენტების თანდასწრებით ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში, იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში, ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობით. ამის შემდეგ, მოხდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. პროკურატურა ითხოვდა მისთვის პატიმრობის მისჯას, მაგრამ მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

– ანუ გუგა კუზანოვი მის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას?

– ის გახლავთ ბრალდების მოწმე და ბრალდება ამტკიცებს, რომ კუზანოვის ჩვენება ერთ-ერთია, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ადასტურებს.

– და რას ადასტურებს სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა?

– ეს დასკვნა არის შუალედური და სავარაუდო. ცალსახად არაფერს ადასტურებს. იქ წერია, რომ შეიძლება მომხდარიყო ასეც და შეიძლება ისეც. ანუ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. შესწავლილია ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია, გამოთხოვილია პაციენტის ისტორია. ექსპერტებს ყველა პრეპარატზე აქვთ დეტალურად ნამსჯელი, გარდა ერთისა. ეს პრეპარატი ჩვენ აღმოვაჩინეთ სამედიცინო ჩანაწერებში. საუბარია „ადრენალინზე“. საქმე ის გახლავთ, რომ, როდესაც რინოპლასტიკის ოპერაცია დაიწყო, პაციენტი ანესთეზიოლოგმა გადაიყვანა მართვით სუნთქვაზე. აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო. ამის შემდეგ, უკვე ქირურგი იწყებს მოქმედებას. ცხვირის მიდამოში „ადრენალინის“ შეყვანისთანავე, მომენტალურად დაიწყო წნევამ ცვალებადობა, ჯერ უკიდურესად მოიმატა, შემდეგ დაიკლო და გული გაჩერდა. ოპერაცია შეჩერდა. იქვე დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება, გულის მასაჟი და სხვა სახის გადაუდებელი ღონისძიებები, მაგრამ, სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

– „ადრენალინი“ უშუალოდ ვის მიერ იქნა შეყვანილი?

– ამ პრეპარატს აკეთებენ პლასტიკური ქირურგები და მასთან ანესთეზიოლოგს არანაირი შეხება არა აქვს. მას ძირითადად, აკეთებენ იმ მიზნით, რომ არ განვითარდეს სისხლდენა.

– მაგრამ ამ პრეპარატს ისედაც იყენებენ ხოლმე ქირურგები… რატომ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ფატალური შედეგი სწორედ „ადრენალინს“ გამოეწვია?

– იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, „ადრენალინის“ განზავების დოზები ნატრიუმის ქლორიდთან აბსოლუტურად დარღვეულია. ჩვენი აზრით, „ადრენალინი“ გამოყენებულ იქნა არასწორი განზავებით – 1X1000, მაშინ, როცა ყველანაირი სტანდარტით, რინოპლასტიკის ოპერაციის დროს, „ადრენალინის“ განზავების ნორმა არის 1X100 000, ან 1X200 000. რისკების თავიდან ასაცილებლად, ქირურგები ხშირად იყენებენ 300-ათასიან და 400-ათასიან განზავებასაც კი, ანუ თავს იზღვევენ, რომ ორგანიზმში ადრენალინის გადაჭარბებული დოზა არ მოხვდეს, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებით საშიში პრეპარატი. ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, პრეპარატი ძალიან დიდი დოზით მოხვდა ორგანიზმში და ის კლინიკური სურათი, რაც განვითარდა, ძალიან ჰგავს „ადრენალინის“ ჭარბი წონით გამოწვეულ მდგომარეობას. ჯანდაცვის სამინისტრომ კი სწორედ ასეთ პრეპარატსა და ასეთ განზავებაზე დახუჭა თვალი. განზავება მოხდა 1X1000, რაც, მაღალი ალბათობით, ზედოზირებას გამოიწვევდა. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, წესით, ნახევარ ლიტრ ფიზიოლოგიურ ხსნარში ზავდება „ადრენალინის“ 5 წვეთი. ეს დოზები დაირღვა. ეს არის ყველაზე საფრთხილო მედიკამენტი, რომლის გადაჭარბებით გამოყენება პირდაპირ იწვევს გულის გაჩერებას და ამას ადასტურებს სამედიცინო ლიტერატურა. გარდა ამისა, პირად საუბრებში იგივეს გვიდასტურებს არაერთი პლასტიკური ქირურგი, მაგრამ მე, როგორც ადვოკატს, მჭირდება ოფიციალური დასტური ხომ?! შესაბამისად, ყველა ასეთ კლინიკაში გავაგზავნე წერილი ერთადერთი კითხვით: რა განზავებით ხდება ადრენალინის გამოყენება ცხვირის პლასტიკური ოპერაციების დროს? სამწუხაროდ, უკვე მესამე თვე გავიდა და პასუხები არ მიგვიღია.

– რატომ? კოლეგიალობას იცავენ?

– ეს ისეთი ოპერაციაა, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ აქ შეცდომის დაშვება დაუშვებელია. მე მესმის კოლეგიალობა, მაგრამ მათ ფიცი აქვთ დადებული, რომ მთავარი პრიორიტეტი არის პაციენტი და მისი სიცოცხლე. ეს ადამიანები ჰიპოკრატეს ფიცს დებენ იმისთვის, რომ ემსახურონ არა მხოლოდ თავის კოლეგებს, არამედ, პირველ რიგში, დაიცვან პაციენტების უფლებები, მათ შორის უმთავრესი – სიცოცხლის უფლება. მე არავის არ ვადანაშაულებ და იმისთვის არ ვიბრძვით, რომ ვინმე დაისაჯოს. მე ვიბრძვი, რომ მსგავსი დარღვევის გამო, უდანაშაულო ადამიანი არ გახდეს განტევების ვაცი და არ მოხდეს მისთვის ხელის შეწმენდა, რადგან ის არ არის საქართველოში ცნობილი გვარის წარმომადგენელი და ე.წ. სელებრითი. სამაგიეროდ, ეს ადამიანი არის უპატიოსნესი და საკუთარი საქმის პროფესიონალი. დაუშვებელია, სხვისი შეცდომის გამო მისი დასჯა. ყველას უნდა ეყოს ვაჟკაცობა და საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გაიზიაროს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც რომ დავანებოთ თავი, ნებისმიერ დაინტერესებულ პაციენტს, მგონი, აქვს უფლება, იცოდეს, ადრენალინის რა დოზას უკეთებენ და ხომ არ არის ეს საშიში მისი სიცოცხლისთვის.

– უსაფრთხო ანესთეზიის თანამედროვე სტანდარტების დარღვევა რაში გამოიხატაო, რას ამბობს გამოძიება?

– საუბარი იყო მჟავე ტუტოვანი წონასწორობის განსაზღვრაზე, რომელიც უნდა ჩაგეტარებინა ანესთეზიის წინო, თუმცა საქმე ის არის, რომ ასეთი აპარატურა იმ კლინიკაში საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად, ამას ვერ ჩაატარებდა. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, რადგან წლების განმავლობაშიც და ამჟამადაც, არაერთ კლინიკაში ანესთეზია ტრადიციულად ტარდება მსგავსი გამოკვლევის გარეშე. ეს არ არის იმ დონის გამოწვევა, რომ გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდეს. მსგავსი რამ გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, რეალურად რა მოხდა და არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ვიღაცისთვის ხელის დაფარება, თუნდაც ეს ცნობილი ადამიანი იყოს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პრეპარატი გააკეთა გუგა კუზანოვის თანაშემწემ, რომელიც ამ საქმიდან საერთოდ გამქრალია. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს ბატონ კუზანოვის მიმართ, მოხდა თუ არა მისი მითითებით ასეთი განზავება, რა განზავებაც ხდებოდა სხვა შემთხვევებში? ჩვენი ამოცანა არ არის მისი დადანაშაულება, უბრალოდ, ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების საქმეზე. გამოძიებამ ყველა გარემოება დეტალურად და სრულფასოვნად შეისწავლოს და არა ცალმხრივად. ამ შემთხვევაში, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, იქნება ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თუ სხვა, პრეტენზიაც არ გვექნება. მთავარია, გამოძიება დაინტერესდეს ყველა გარემოებით, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

„პრაიმტაიმი“ ლიკა დოღონაძის გარდაცვალების მიზეზების დადგენის მიზნით, გუგა კუზანოვს დაუკავშირდა. სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პლასტიკურმა ქირურგმა ინტერვიუს მოცემისგან თავი შეიკავა და მოგვწერა:
„ვფიქრობ, სასამართლო პროცესამდე რამე კომენტარის გაკეთება ჩემგან არ იქნება სწორი, როგორც გამოძიების ინტერესებთან, ასევე ბრალდებულთან მიმართებაში! დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“.

მოკლედ, გუგა კუზანოვმა ამ ეტაპზე საუბარი არ ისურვა, თუმცა ჩვენ ვესაუბრეთ მედდას, ნატო ბაზანოვას. ის უშუალოდ ესწრებოდა ლიკა დოღონაძის ოპერაციას. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ „ადრენალინი“ პირადად ბაზანოვამ გააზავა, თუმცა ამბობს, რომ ეს უშუალოდ გუგა კუზანოვის ინსტრუქტაჟით მოხდა. ბაზანოვა იმ დოზებსაც გვიკონკრეტებს, რომელიც გაზავების დროს გამოიყენა: 7 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარი (0,9-პროცენტიანი), 2 მლ ლიდოკაინის ხსნარი (2-პროცენტიანი) და 1 მლ „ადრენალინი“. ბრალდებულის ადვოკატებმა აღნიშნული მონაცემები სპეციალისტებს გამოაანგარიშებინეს და აღმოჩნდა, რომ გაზავება მოხდა ფორმულით 1X1000, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ხსნარში „ადრენალინის“ გადაჭარბებული დოზა მოხვდა.

ახლა კი მოდით, ვნახოთ, რას ყვება მედდა, ნატო ბაზანოვა:

„მე ნამდვილად არ განმისაზღვრავს, 1X1000 იყო გაზავება თუ 100 000-ზე. ქირურგმა, რა დოზებიც მითხრა, ისე გავაზავე. მე საოპერაციოში ქირურგის ნებართვის გარეშე სამედიცინო იარაღის გადაადგილების უფლებაც კი არ მაქვს, არათუ თვითნებურად დამედგინა დოზები. მე ვასრულებდი კუზანოვის ინსტრუქტაჟს. რაც მან მითხრა, ის გავაკეთე. სხვა დროსაც გამოგვიყენებია ასეთი გაზავება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა მოხდა და ვისი ბრალეულობით, ნამდვილად ვერ გეტყვით. მე გამოძიებას ჩვენება მივეცი და რაც ვიცოდი, ყველაფერი ვთქვი“.

„პრაიმტაიმი“ ამ თემაზე, ასევე, დაუკავშირდა დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს, რომელმაც ლიკა დოღონაძის გარდაცვალების საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა. ექსპერტს უახლოეს დღეებში სასამართლოში დაკითხავენ, მანამდე კი დასკვნის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, თუმცა მცირე განმარტება მაინც მოგვცა:

„დიახ, გიდასტურებთ, რომ ამ საქმეზე ნამდვილად ჩავატარე ექსპერტიზა. არსებობს დასკვნაც, თუმცა მოდით, დაველოდოთ სასამართლოს, მანამდე ვერ გავასაჯაროებ. ისე კი გეტყვით, რომ არსებობს ბევრი საეჭვო გარემოება, რომელიც ეწინააღმდეგება ბრალდების ფორმულირებას. მიკვირს, რატომ არ ინტერესდება გამოძიება ამ დეტალებით და რატომ აქვს მას ცალსახად ასეთი ხისტი პოზიცია“, – ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

ლიკა დოღონაძე წლების განმავლობაში ემიგრანტი გახლდათ და ის საქართველოში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა. დოღონაძეების ოჯახში ტრაგედია ლიკას გარდაცვალებით არ დასრულებულა. ქალიშვილის დაღუპვიდან ერთი წლის თავზე, ნერვიულობას გადაჰყვა ლიკას დედაც. შესაბამისად, ოჯახისთვის ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომის გამოძიება და რეალური დამნაშავის დასჯა ორმაგად მნიშვნელოვანია, მანამდე კი გარდაცვლილის ოჯახი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები