გიორგი გობრონიძე: მიდგომა, თითქოს რუსეთი ეკონომიკური პრობლემების გამო ომს შეწყვეტს, ფუნდამენტურად არასწორია

,,რუსეთმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ უკან არ დაიხიოს, ისევე როგორც უკრაინამ, რომელსაც აღარ აქვს უკან დასახევი გზა. ამიტომ არ უნდა ველოდოთ ომის სწრაფ დასრულებას”,-
ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი გობრონიძემ გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მიდგომა, თითქოს რუსეთი ეკონომიკური პრობლემების გამო ომს შეწყვეტს, ფუნდამენტურად არასწორია.

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ “მოსკოვი ნებისმიერ ფასად შეეცდება კავკასიაში მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას”, ამისთვის კი გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტს. ლავროვის ტონისა და განცხადების ქვეტექსტიდან ჩანს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი სამხედრო ზომების გამოყენებასაც არ გამორიცხავს. უბრალოდ, ამ ეტაპზე კრემლს არ სცალია. კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტება აშკარაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი რეგიონიდან გაქრა, ის კვლავ აქ არის და მისი პოლიტიკური დღის წესრიგი კავკასიის მიმართ არსებითად არ შეცვლილა. თუ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინულ ტერიტორიებს და დასავლეთი ნაწილობრივ მაინც მოუხსნის სანქციებს, კრემლში გაჩნდება “გამარჯვების განცდა”. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის რევანშს სამხრეთ კავკასიაში.

მოსკოვში პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთი სახელმწიფო არ განიხილება როგორც სრულფასოვანი სუვერენული პარტნიორი და ჩვენ მათთვის ტერიტორიული დანაკარგი ვართ, რუსეთმა უკრაინაში ომი რომც წააგოს, კრემლის რევანშისტული დღის წესრიგი იგივე დარჩება. ეს არ ნიშნავს საფრთხეების გაქრობას, ეს იქნება მხოლოდ მათი დროებითი გადავადება. კავკასიის რეგიონს დღეს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება სამმხრივი პარტნიორობის ჩარჩო. საჭიროა თანამშრომლობის გეგმა, მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები და ამ სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახლო კავშირი, მჭიდრო თანამშრომლობა და საკუთარი ინტერესების საერთო ფრონტით დაცვა. ამის გარეშე, როგორი დინამიკითაც არ უნდა განვითარდეს პროცესები, რუსეთი ყოველთვის გამონახავს ძალას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ყველაფრის ასარევად. უნდა გვესმოდეს: რუსულ ეროვნულ პროექტში არსად წერია სუვერენული საქართველოს, სუვერენული სომხეთის და სუვერენული აზერბაიჯანის არსებობა. რუსეთის ნაციონალური იდეა, ყველაზე “დამთმობ” ვარიანტშიც კი, მხოლოდ ერთია – ამ ქვეყნების არსებობა რუსეთის სატელიტებად.

რაც შეეხება ზანგეზურს, ამ პროექტისთვის ტრამპის სახელის დარქმევა მხოლოდ სიმბოლურია. ტრამპმა ჯერ ის უნდა გაარკვიოს, სად არის საერთოდ აზერბაიჯანი… მისი დაინტერესება ამ თემით მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ შეიძენს, როცა გამოიკვეთება ამერიკის რეალური პოლიტიკა კავკასიის მიმართ. ჯერ ასეთი პოლიტიკა არ ჩანს, ფაქტობრივად, არც არსებობს. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები შეჩერებულია სწორედ ამერიკის ინიციატივით, თითქოს თბილისში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ, სინამდვილეში, ეს მხოლოდ მიზეზია. საუდის არაბეთშიც არ ყვავის დემოკრატია, მაგრამ ის ამერიკისთვის სხვა კალიბრის პარტნიორია. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის დაინტერესება კავკასიით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამ ეტაპზე ვაშინგტონის სამი მთავარი პრიორიტეტია: პირველი – უკრაინა, მეორე – ახლო აღმოსავლეთი და მესამე ახლახან გამოიკვეთა – ლათინური ამერიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები