სანდრო თვალჭრელიძე: მე ჯერ კიდევ 2012 წელს ვამბობდი, რომ “ნაცმოძრაობა” ასაკრძალი იყო

,,მე ჯერ კიდევ 2012 წელს ვამბობდი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ასაკრძალი იყო”,- ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისი შეფასებით, ახლა პარტიის აკრძალვა დაგვიანებულია.

“მე ჯერ კიდევ 2012 წელს ვამბობდი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ასაკრძალი იყო, ახლა ეს ნამდვილად ძალიან დაგვიანებულია. ვნახოთ, ვინ მოხვდება ასაკრძალი პარტიების სიაში. როგორც კობახიძემ გვაცნობა, შესაძლოა ეს 10 პოლიტიკურ ძალას შეეხოს. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს ქართული პოლიტიკისთვის შესაძლოა არც იყოს ძალიან ნეგატიური მოვლენა. თუ გადახედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, ქვეყანაში ნებისმიერ სახელისუფლებო ცვლილებას ახორციელებდა ახალი ძალა, რომელსაც ჰყავდა მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი. ეს გააკეთა თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ, შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა და ბოლო ცვლილება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა. ყველა შემთხვევაში ლიდერის გარშემო იკრიბებოდა ახალი ჯგუფი, რომელიც ახერხებდა ძალაუფლების მოპოვებას. ჩვენთან, როგორც წესი, პიროვნებებს შორის მიდის ჭიდილი და არა იდეებს შორის.

თუ ეს საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდა, შედეგად ძველი, ყელში ამოსული სახეებისგან დაიცლება ოპოზიციური ფლანგი და წესით უნდა გამოჩნდეს ახალი, მოულოდნელი ლიდერი, რომელიც შექმნის პოლიტიკურ ძალას და მოუგებს არჩევნებს “ქართულ ოცნებას”. შესაბამისად, თუ მმართველი ძალა ფიქრობს, რომ საკუთარი მიზნებისთვის ასუფთავებს პოლიტიკურ ველს, ძალიან ცდება. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება “ქართული ოცნების” დასუსტების პარალელურად. საბჭოთა კომუნისტური პარტიაც აკონტროლებდა ყველასა და ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. რასაც ახლა “ოცნება” აკეთებს, ამით მხარდამჭერების ნდობასაც კარგავს, რადგან ეს ხალხი დაცულობის განცდას კარგავს. რისთვის მიდის ხალხი პოლიტიკაში, განსაკუთრებით მმართველ ძალაში?.. დიდი პოლიტიკური ამბიციები ამ ხალხს არა აქვს, ძირითადად, ”კრიშისთვის” მიდიან პოლიტიკაში. თუ აღმოჩნდა, რომ ეს “კრიშა” ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოიქცეს, ბუნებრივია, ვეღარ ენდობიან მმართველ ძალას. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, “ქართული ოცნება” ბაბილონის გოდოლივით ძალიან მალე შეიძლება ჩამოიშალოს. ერთსაც ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილს უყვარს ხოლმე საახალწლოდ ახალი პრემიერების დანიშვნა”, – აცხადებს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები