საჯარო ლექცია: „ლურჯი სუფრა – ისტორია და თანამედროვეობა“ გაიმართება

22 მარტს, 16:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, გამოფენის „ლურჯი სუფრა“ ფარგლებში, წარმოადგენს საჯარო ლექციას: „ლურჯი სუფრა – ისტორია და თანამედროვეობა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციის მიზანია, ხაზი გაუსვას ლურჯი სუფრის მნიშვნელობას და წარმოაჩინოს დღევანდელი მდგომარეობა, მისი წარმოება და მწარმოებლების წინაშე არსებული გამოწვევები. ლექციაზე ისაუბრებენ როგორც ოსტატები, ასევე მწარმოებლებიც.
ლურჯი სუფრა XIX საუკუნის ქართული კულტურის ძალზე საინტერესო ფენომენია, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. იგი სადღესასწაულო შემთხევებში, განსაკუთრებით კი ქორწილებში იშლებოდა და გარკვეული რიტუალური დანიშნულება ჰქონდა. ტრადიციული ლურჯი სუფრა წარმოადგენდა ინდიგოს ლურჯ საღებავში შეღებილ ბამბის ქსოვილს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის დეკორატიული გამოსახულება ბეჭდვის განსაკუთრებული ტექნიკითაა დატანილი.
ლურჯი სუფრის სადღესასწაულო ფუნქცია თავისთავად გულისხმობდა, მისი მორთულობის პროგრამაში ინტეგრირებული გამოსახულებების საკრალურ სიმბოლიკას, სადაც ერთმანეთს ერწყმის ქრისტიანული და ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში შემონახული არქეტიპული სახეები.
დღეისათვის „ლურჯი სუფრის“ ტრადიცია აღორძინების პროცესშია. ლურჯ სუფრებს რამდენიმე ოსტატი და სახელოსნო აწარმოებს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ტექნოლოგიით, ისე დიზაინით. ამასთანავე, ლურჯი სუფრის ორნამენტები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სხვა დარგებშიც, მაგალითად მინანქარში, კერამიკაში,მინის მხატვრულ დამუშავებაში და სხვა.
„მრგვალი მაგიდის“ მიზანია, ერთი მხრივ, ხაზი გაუსვას „ლურჯი სუფრის“ ისტორიულ მნიშვნელობას, მის მხატვრულ და სიმბოლურ ასპექტებს, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოაჩინოს დღევანდელი მდგომარეობა და მწარმოებლების წინაშე არსებული გამოწვევები.
„მრგვალი მაგიდის“ მონაწილეები იქნებიან როგორც ამ ფენომენის სამეცნიერო კვლევით დაინტერესებული მეცნიერები, ისე „ლურჯი სუფრის“ მწარმოებლები.
ღონისძიების პარტნიორი და მოდერატორი: საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია.
„მრგვალი მაგიდა“ იმართება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გამართული გამოფენის ფარგლებში, რომელიც წარმოაჩენს ლურჯი სუფრის განვითარებას ხალხური ხელოვნებიდან პროფესიონალი მხატვრების შემოქმედებამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები