„დარბაზში რაღაც შრიალი გაისმა, თითქოს უცბად დაჰქროლა ძლიერმა ქარმა, მამა შეტორტმანდა“ – 18 ნოემბერი ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების დღეა
85 წლის წინ, 1940 წლის 18 ნოემბერს საჯარო ლექციის კითხვისას გარდაიცვალა ივანე ჯავახიშვილი.
თსუ ბიბლიოთეკა ამ დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს დიდი მეცნიერის შვილის – ნათელა ჯავახიშვილის მოგონებას მამაზე:
„მამა გამოვიდა „სცენაზე“, სადაც მისთვის მომზადებული იყო მაგიდა და სკამი. ყურზე თავისი სმენის აპარატი ეკეთა. გამოვიდა თავაწეული, მოღიმარი, მხნე ნაბიჯით და ჩვეულებრივზე უფრო მაღალი ხმით დაიწყო საუბარი. მამა ლაპარაკობდა „ვისრამიანზე“, „ამირანდარეჯანიანზე“… ლაპარაკობდა დიდის გატაცებით. „სარგის კაკაბაძემ გამოსცა „ამირანდარეჯანიანი“ და მის წინასიტყვაობაში ნათქვამი აქვს, რომ ავტორი უცნობიაო, თუმცა ყდაზე დააწერა – ამირანდარეჯანიანი – მოსე ხონელისაო“ და მამამ გაიღიმა. რატომღაც ხალხმა უკან მოიხედა. ამ დროს მე ცხვირსახოცი დამივარდა (ნაპირას ვიჯექი) და ასაღებად დავიღუნე.
მამა განაგრძობდა საუბარს. ჩემს გვერდით იჯდა კერამიკოსი შაქრო მაისურაძე და უცბად თქვა: „ბ-ნი ივანე მგონი ცუდად არის“.
მე თავდახრილი ვიყავი ცხვირსახოცისათვის და ვუპასუხე, არა მგონ… და ამოვიხედე.
სიტყვა გამიწყდა, სულ რაღაც წამებში ჩემს თვალწინ გაიელვა – მამამ ამოიღო საათი, დახედა, თავი გადააქნია (დიდხანს, ერთ საათს კითხულობდა), სწრაფად მოიხსნა ყურის აპარატი და აკუმულატორი, რომელიც მძიმე იყო და გულზე ეკიდა (მუდამ აწუხებდა) და მაგიდაზე დადო. უცებ თვალები დაუელამდა, სახეზე რაღაც შესაბრალისმა, უმწეო გამომეტყველებამ დაუარა. დარბაზში რაღაც შრიალი გაისმა, თითქოს უცბად დაჰქროლა ძლიერმა ქარმა, მამა შეტორტმანდა, დღესაც არ ვიცი, როგორ გავჩნდი მამასთან და თავი მე დავიჭირე.
ამოცვივდნენ: სვიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე და მგონი გიორგი წერეთელი. გავიყვანეთ მამა მომიჯნავე ოთახში, სადაც გრძელი მაგიდა იდგა და იქ დავაწვინეთ. ვიღაცამ მამას პალტო დაახვია და თავქვეშ ამოუდო, მე შემეშინდა, რომ მაგარი იყო და კისერს ატკენდა, პალტო გამოვიღე და ჩემს ხელზე დავაწვინე, თან ვკოცნიდი, თვალები გაშტერებული ჰქონდა, ვკოცნიდი ლოყაზე და თბილი რომ იყო, იმედი მეძლეოდა, თან ვგრძნობდი, რაღაც საშინელება დატრიალდა, – ექიმი, ექიმი, ვიძახდი მეცა და სხვების ხმებიც მესმოდა. მამამ უცბად ღრმად ამოიხვნეშა, თვალები დახუჭა და ცრემლი გადმოუვარდა. ამ დროს დავინახე, არნოლდ ჩიქობავა მიდი-მოდიოდა და თან ტიროდა. მე მომაგონდა მამას ნათქვამი, რომ არნოლდი ძალიან გაცნობიერებულია მედიცინაში და შევეხვეწე – ბ-ნო არნოლდ, მაჯა ნახეთ მეთქი… მან თავი გადააქნია და უფრო ატირდა. ვიღაცამ ფანჯრები გააღო. შემეშინდა არ გააციონ მეთქი, თავს ვიტყუებდი. ამ დროს კარი გაიღო და სასწრაფო დახმარების ექიმი შემოიყვანეს, ის მოვიდა (ვიღაც მოსდევდა და ეუბნებოდა: „укол, укол сделайте“), უხეშად ჩამოუწია ქუთუთო და თქვა: „какой укол? человек мертв“.
ეს ჩემთვის არაფრის მთქმელი სიტყვები იყო. მე მივხვდი, რომ გარშემო ახლოსაც და მოშორებითაც ადამიანები იდგნენ და ტიროდნენ. მაგრამ ჩემს ცნობიერებამდე ამ საშინელმა განაჩენმა ვერ მოაღწია. ვიღაცამ ხელზე მომკიდა ხელი და მითხრა „წამოდით, ნათელა, წამოდით“. მე გამიკვირდა, სად ან რად უნდა წავიდე მამასგან? – ეს გიორგი წერეთელი იყო. „მე ხომ არ ვტირი, არცა ვყვირი, რატომ უნდა წავიდე მეთქი“, მაგრამ უკვე მივყავდი ვლადიმერ მაჭავარიანს და რაღაცას მეუბნებოდა. მე გავედი თუ არა მეორე ოთახში, ასე მახსოვს, უცბად საშინლად დავიკივლე……………
……..მახსოვს, მამას გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დაახლოებით 1945-1946 წლებში, მუზეუმში მის კაბინეტში, სადაც ვმუშაობდი, პირველი სხდომა უნდა ყოფილიყო მამის მემკვიდრეობის შემსწავლელი ახლად შექმნილი კომისიისა ნიკო ბერძენიშვილის თავმჯდომარეობით. მას უნდა დაეწესებინა მისი გამოუქვეყნებელი შრომების თანმიმდევრობა და გაენაწილებინა სათანადო რედაქტორებს შორის.
მე წინასწარ ამოვალაგე ყველა შრომა და დავალაგე რამდენიმე მაგიდაზე ცალ-ცალკე. როდესაც კომისია შემოვიდა, ბ-ნმა ნიკომ გაკვირვებულმა შესძახა – „შეხედეთ, ამ ნაწერების რაოდენობას, მარტო რომ გადაეწერა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ბ-ნ ივანეს, მაშინაც კი საკვირველი იქნებოდაო, როგორ და როდის მოასწრო ამდენი რამის დაწერა!“
ჰო, მართლაც… „მთელი მისი სიცოცხლის მანძილი“ სულ რაღაც 64 წელი იყო, მეტად ხანმოკლე „მანძილი“ ასეთი ნაყოფიერებისათვის, რომელიც მრავალი მძიმე განცდით იყო გადახლართული, არა ერთხელ ყოფილა შეფერხებული. ეს მანძილი უფრო ბასრწახნაგიანი ღორღით იყო დაფენილი, ვიდრე ხალიჩებით. თუნდაც ორიოდე კორესპონდენტთან მიწერილი წერილების წაკითხვითაც ცხადი გახდება ყველასათვის, რა მძიმე, აუტანელი ცხოვრების პირობებში შრომობდა ეს ადამიანი. იბრძოდა, დიახ, იბრძოდა თავისი ქვეყნის, თავისი ერის
კეთილი მომავლისათვის მძიმე სენით შეპყრობილი, – ნახევრადუჭმელი, სმენას მოკლებული და დაუძლურებულიც კი.“..