რატომ არ დაფინანსდა საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრი?

მომზადებულია სპეციალურად „კვირასთვის“

საქართველოში რომ ძალიან ბევრი პრობლემაა, ცხადია. ზოგი საგანგაშო, ზოგი ნაკლებად და ზოგიც თითიდან გამოწოვილი, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს აპროტესტებს, ან პირიქით და ეს ყველაფერი ერთ სამზარეულოში ბევრი ქალის ყოფნას ემსგავსება. ჩემი აზრით, ყველამ იმ კონკრეტულ პრობლემებზე უნდა ისაუბროს, წეროს, იჩივლოს, რისი საქმის კურშიც არის, რაც იცის და არა იმაზე, რაც მოდაშია.

16832757_10206281098505862_494874377_oჰოდა, მეც ვსაუბრობ!
მე და ნესტან მერმანიშვილმა 2014 წლის სექტემბერში დავიწყეთ ერთ, ვფიქრობ, მეტად საჭირო პროექტზე მუშაობა სახელწოდებით: „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრი“.
თავიდანვე დახმარება ვთხოვეთ ჩვენს მეგობარ მუსიკოსებს, რათა უფრო რეალური გაგვეხადა ამ კოლექტივის შეკრება და ამუშავება. ზედმეტი ფიქრის გარეშე უყოყმანოდ და უსასყიდლოდ დაგვთანხმდნენ თანამშრომლობაზე: კობა მერმანიშვილი, რომელიც ორკესტრს უხელმძღვანელებდა, დავით შამანაური, ბესო რაქვიაშვილი, გიორგი ვართანოვი და კოტე ჩავლეიშვილი, რომლებიც შესაბამის ჯგუფებს ამეცადინებდნენ.
როგორც მეორე საფეხური, დავიწყეთ ფურცლებზე დაწერილი პროექტის რეალობაში გადმოტანა და თბილისის მუსიკალურ სკოლებში სიარული, შეხვედრები ამ სკოლების დირექტორებთან, რათა ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის გაგვეცნო ამ იდეის არსებობა, მისი მნიშვნელობა და დაინტერესებულთათვის დაგვენიშნა მოსმენა. მინდა დავკონკრეტდე და გითხრათ, რომ ვიყავით ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში, სადაც ბატონმა ნოდარ ჟვანიამ დიდი სიხარულით აიტაცა ჩვენი წინადადება და მოსმენებსაც კი დაესწრო.
დიდი მადლობა მას ამისთვის.
ვეწვიეთ, აგრეთვე, კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას, სადაც რიგი უადგილო მიზეზების გამო მოსმენა ვერ ჩავატარეთ. დიდი ნაწილი ორკესტრისა დაკომპლექტდა ო. თაქთაქიშვილის სახელობის N19 სამუსიკო სკოლიდან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბ-ნ თამაზ მოლაშვილს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გლდანის N20 სამუსიკო სკოლა, სადაც მისულ მე და ნესტანს ქ-ნმა ალამ (სკოლის დირექტორი) არათუ არც კი მოგვისმინა, არამედ ისე გვიყურებდა, როგორც ლენინი ბურჟუაზიას. ცხადია, მისთვის ორი ახალგაზრდა, რომელსაც მისგან განსხვავებული იდეა და ხედვა ჰქონდა, არ ვიყავით ავტორიტეტები. მიუხედავად დიდი წნეხისა და აკრძალვებისა სულ ორიოდ თვეში შევძელით პირველი რეპეტიციის ჩატარება ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური ცენტრის ფოიეში (დიდი მადლობა ნიკოლოზ რაჭველს ამ ფუფუნებისათვის), რომელშიც 33 ახალგაზრდა მონაწილეობდა. 16880574_10206281060584914_1594221729_o
ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ ახალგაზრდების სიხარული, ინტერესი, ენთუზიაზმი, რომელსაც ყოველი რეპეტიციის დროს ავლენდნენ. რა თქმა უნდა, გვქონდა პრობლემები დისციპლინასთან დაკავშირებით, რაც, ძირითადად, მათი არსებული რეჟიმით იყო გამოწვეული, მაგრამ ნელ-ნელა ამაშიც ვიხვეწებოდით.
მინდა იცოდეთ, რომ ეს პროექტი ხორცილედებოდა ვიშეგრადის აკადემიის ერთწლიანი კურსის ფარგლებში, რომელშიც საქართველოსთან ერთად 9 ქვეყანა მონაწილეობდა. შესაბამისად, პროექტი საერთაშორისო ურთიერთობებსაც ითვალისწინებდა და აკადემიის და იქ წარმოდგენილი პიროვნებების დახმარებით ვგეგმავდით სხვადასხვა სახის გაცვლით კურსებს. მეტიც, მიდიოდა მოლაპარაკებები ჩეხეთთან, კერძოდ იანაჩეკის ფილარმონიულ ორკესტრთან, რის შედეგადაც 2015 წელს უმასპინძლებდნენ რამდენიმე ქართველ მუსიკოსს თავიანთ ორკესტრში, ისევე როგორც გამოაგზავნიდნენ პროფესიონალებს ჩვენს ორკესტრთან სამუშაოდ.
რეპეტიციების დაწყებისთანავე მივიღეთ საჩუქარი ჰოლანდიიდან, ამსტერდამის ახალგაზრდული ორკესტრისგან – ოთხი პარტიტურა გაორკესტრებული სპეციალურად ახალგაზრდული ორკესტრისათვის. თავდაუზოგავად მუშაობდნენ პროგრამაზე და მის დახვეწაზე კობა, დათო, ბესო, გიორგი… და აი დადგა ნანატრი დღე, როცა ჩვენ მოგვეცა საშუალება, პირველად გამოვსულიყავით ფოიედან და დაგვეკრა კონცერტზე, რომელიც გაიმართა ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში. უღრმესი მადლობა ქ-ონ მანანა დოიაშვილს ამ შესაძლებლობისათვის.
ეს იყო ჩვენი ბოლო შეკრება და, სამწუხაროდ, ამ პროექტის დასასრულიც, პროექტის, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი გასტანა.
რატომ ასე ცოტა? არ დაგზარდებით და ამასაც გეტყვით:
თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებს და ფინანსებს შეესაბამებოდა, აღარ ვსაუბრობ ბავშვების მონდომებაზე და ასევე მათ კონცერტის შემდგომ აქტიურობაზე, რაც გამოიხატებოდა ყოველდღიურ, შემდეგი სახის მიმოწერაში: „როდის ვიწყებთ რეპეტიციებს?“, „რას შევასრულებთ შემდეგი კონცერტისთვის?“, „როდის იგეგმება შემდეგი ღონისძიება?“.
მაგრამ, მოგეხსენებათ, ასეთი ორგანიზმი გარკვეული ფინანსური დახმარების გარეშე ვერ იარსებებს. აქვე დავძენ, როცა ვსაუბრობ ფინანსებზე არ მაქვს მხედველობაში მხოლო მუსიკოსების ანაზღაურება, არამედ (განსაკუთრებით) ახალგაზრდების ინსტრუმენტებით მომარაგება ან ამ ინსტრუმენტების გაუმჯობესება. მოკლედ გეტყვით, ვერ მივიღეთ ვერანაირი სახის დაფინანსება ვერც კულტურის სამინისტროდან, ვერც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, ვერც პრეზიდენტის ფონდიდან. არ გაგვკვირვებია, რამეთუ ყველა სწორედ ამ ინსტიტუტებს მიმართავს და გასაგებია, რომ ვერ აუდიან ამდენს. ნუ, ამ ორგანიზმების პრიორიტეტები კიდევ სხვა საკითხია.
მაგრამ დაფინანსებაზე უარის თქმაზე მეტად სამწუხარო აღმოჩნდა ის დამოკიდებულება, რომელიც, ძალიან ბევრ, ხელოვნებისა და, კერძოდ, მუსიკის მცოდნე/მოტრფიალეს ჰქონდა. მათ შორის პედაგოგებს, მშობლებს, მაღალჩინოსნებს: რა საჭიროა ახალგაზრდული ორკესტრი? ეს ხომ გართობაა და სულ მალე ბავშვები მიხვდებიან, რომ სოლისტობა ურჩევნიათ და ორკესტრს თავს დაანებებენ. მუსიკალური სკოლის პედაგოგები არ მიიჩნევდნენ ასეთი ორკესტრის არსებობას მიზანშეწონილად, რამეთუ: 1. ბავშვებს პროფესიული გზიდან გადაახვევინებდა, არადა, ბევრმა სწორედ ორეკსტრის რეპეტიციებზე აღმოაჩინა, რომ არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა: „STOCCATO“, „FERMATO“, აუფტაქტი და ა.შ. 2. პედაგოგებს საათებს წაართმევდა (რატომ, დღემდე ვერ მივხვდი).
მინდა გამოვყო ერთი: კულტურის სამინისტროში შეხვედრისას, საშემსრულებლო ხელოვნების დეპარტამენტში ასე გვითხრეს მე და ნესტანს: „ეს არ არის სერიოზული და ხანგრძლივი და რა საჭიროა ამისთვის ბავშვები მოაცდინოთ. მით უმეტეს, რომ მათ სოლისტობა უნდათ და არა მგონია, ამისთვის დრო დახარჯონო“.
შედეგი ამ ყველაფრისა არის ის, რომ დღემდე საქართველო ერთადერთია კავკასიის რეგიონში (დიდ მასშტაბებს აღარ გადავწვდები), სადაც მსგავსი კოლექტივი არ არსებობს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ორკესტრი გაცილებით უფრო სხვა დანიშნულების მატარებელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე მუსიკალურ სკოლებში არსებული ორკესტრები და ეს არაერთხელ ავხსენით და მაგალითებიც მოვიყვანეთ. ამაოდ. ამ ბავშვებს, როგორც საკუთრებებს, ისე უყურებენ და ვფიქრობ, ამგვარი კომპლექსებით ხელს უშლიან მათ მუსიკალურად განვითარებასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
მიზანი ამ უსტარის არსებობის რა არის? არაფერი განსაკუთრებული: ვამბობ იმას, რაც მოხდა და რაც მომავალშიც მოხდება.
როგორ შეიძლება შევცვალოთ? არა მგონია, შეიცვალოს, იმიტომ რომ არ გვინდა. ასე უკეთესია. ჯობს, ვისაუბროთ იმაზე, რაც იყო წარსულში, როგორ ყვაოდა მუსიკალური ხელოვნება, როგორი ორკესტრები გვყავდა, თბილისის კონსერვატორია რომ ყველაზე მაგარი იყო მთელს საბჭოთა კავშირში, როგორი იყო საქართველო თამარის დროს და ა.შ. ვისაუბროთ წარსულზე, ვიცხოვროთ ისტორიით და არ შევქმნათ არაფერი ახალი.
ვისი ან რისი ბრალია? არ ვიცი… ალბათ დროის და ადგილმდებარეობის.

ნინო ნიკოლეიშვილი,
ნესტან მერმანიშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები