ფეისბუქი პროვოკაციულ სათაურებთან ბრძოლას იწყებს
კომპანია “ფეისბუქმა” განაცხადა, რომ ის ახალი ამბების შედგენის მექანიზმს შეცვლის, რათა იქ არაინფორმატიული და პროვოკაციული სათაურების შემცველი რაც შეიძლება ნაკლები პუბლიკაცია იყოს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებელთა საჩივრების გამო მიიღო.
ისინი უკმაყოფილოები არიან, რომ სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, ან ის საკვანძო ინფორმაციას არ შეიცავს. საუბარია ისეთ სათაურებზე, როგორებიცაა: “მან სავარძლის ქვეშ შეიხედა და რაც შემდეგ მოხდა, შოკში ჩაგაგდებთ“, „ძაღლმა ფოსტალიონს დაუყეფა, მისი რეაქცია წარმოუდგენელი იყო“. „მან ფეხსაცმელში ნიორი ჩადო და რაც შემდეგ მოხდა, დაუჯერებელია“. ახალი პროგრამა ასეთ სათაურებს გამოავლენს და მათ სპამის შემცველ ინფორმაციას მიაკუთვნებს. ასეთი საიტების ინფორმაცია ფეისბუქის ახალ ამბებში უფრო იშვიათად გამოჩნდება.