კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უნიკალური ექსპონატი – ერეკლე მეფის მიერ ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მანდილი და კვიპროსში დაცული სხვა ისტორიული არტეფქატები წარმოადგინეს(ფოტო,ვიდეო)

კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უნიკალური ექსპონატი – ერეკლე მეფის მიერ ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მანდილი და კვიპროსში დაცული სხვა ისტორიული არტეფქატები წარმოადგინეს. ინფორმაციას კვიპროსში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო კვიპროსში დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

“მათ შორის პირველად იქნა წარმოდგენილი კიკოსის მონასტრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატი – 1780 წელს, მეფრე ერეკლე II-ის მიერ, კიკოსის ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მოოქროვილი მანდილი, რომელზეც ვერცხლის ასოებით ამოტვიფრულია დიდი ქართველი მეფის სიტყვები, სადაც იგი სასწაულმოქმედ ხატს საკუთარ სამეფოსა და ქართველ ხალხს შეავედრებს, “ღვთისმშობელო სასოებაო ქრისტეანეთაო, იცოდე და გახსოვდეს, შენი მონა მორჩილი ერეკლე მეორე, მეფე ზემო იბერიისა…. შემოგწირავ საჩუქრად ზეციურ ღვთისმშობელს ჩვენი ერისა და ქვეყნის გაძლირებისთვის” – ამოქარგულია მანდილზე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო კვიპროსში აღმოჩენილი შუა საუკუნეების ქართული მონასტრების ამსახველი მასალები და არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი არტეფქატები.

ღონისძიებას დაესწრო კვიპროსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ლინა კასიანიდუ, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ღონისძიებაზე ქართული ცეკვის ნომერი წარმოადგინა კვიპროსში მოღვაწე ანსამბლმა “რემისიონი”.

აღსანიშნავია, რომ კიკოსის ღვთისმშობლის ხატი, ქრისტიანული გადმოცემის თანახმად დაწერილია ლუკა მახარებლის მიერ და ქრისტიანულ რელიგიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წმინდა გამოსახულებად ითვლება.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, კვიპროსის მთავრობის, პარლამენტის და საზოგადოების წარმომადგენლები, კვიპროსში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები