დავით მათიკაშვილი: გიორგი კანდელაკი გაწაფულია თავისი ქვეყნის ღალატში, თანამედროვე შულავერის კომიტეტის გამორჩეული პერსონაჟია, რომელსაც შეუძლია მუხლის ჩოქებით მოიაროს ყველა კაბინეტი და ცილისწამება არ დააკლოს თავის ქვეყანას
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, “ღამის კურიერის” ეთერში, Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის ავტორიც საქართველოს, აშშ-ის ყოფილ მოკავშირედ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ის ირანის ორბიტისკენ იხრება, რაც ტრამპის სტრატეგიას საფრთხეს უქმნის.
მათიკაშვილის თქმით, სტატია გიორგი კანდელაკის ნარატივებით არის შედგენილი და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს.
მისივე თქმით, აბსურდულია ქვეყანა ერთდროულად აშშ-სთან ურთიერთობის განახლებას და ირანის გულის მოგებას ცდილობდეს.
“იმ ძალებს, რომლებსაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება არ სურთ და ძალიან ეშინიათ, ათას სისულელეს კადრულობენ – მე მეტი არაფერი შემიძლია ამას დავარქვა. ხან პრო-რუსულს გვაბრალებენ, ახლა პრო-ირანული მოიგონეს, ეს ყველაფერი არის გიორგი კანდელაკის შედევრი, იმ ადამიანის ნამოქმედარი, რომელიც არის გაწაფული თავისი ქვეყნის ღალატში. თანამედროვე შულავერის კომიტეტის გამორჩეული პერსონაჟია, რომელსაც შეუძლია მუხლის ჩოქებით მოიაროს ყველა კაბინეტი, სისულელე, ტყუილი, ცილისწამება არ დააკლოს თავის ქვეყანას, ოღონდ კი რაიმე ფორმით ავნოს საქართველოს. არ ვიცი, რატომ ჩამოყალიბდა ეს მენტალიტეტი, მე ვერ გეტყვით.
უსამშობლოებს ვუწოდებთ ამ ადამიანებს და მართალიც არის, როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენი სამშობლო გიყვარდეთ და მსგავს რაღაცას კადრულობდეთ?! – ტყუილს, სრულ სიბეცეს, რომ მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთში ამხელა ომია, შეერთებულ შტატებთან გაცხადებული პოზიცია გვაქვს რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ, არის კონკრეტული შეხვედრები, არის დაგეგმილი კიდევ სხვა ურთიერთობა და ახლა საქართველო ყველანაირად მიილტვის, რომ ირანის გული მოიგოს და პრო-ირანულ ორბიტაზე გადაერთოს?” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, “ჰადსონის ინსტიტუტის“ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც გიორგი კანდელაკმა და ლუკ კოფიმ მოამზადეს Washington Post-ი სარედაქციო წერილს აქვეყნებს. რედაქტორთა კოლეგია სტატიაში წერს, რომ საქართველო ამერიკას შორდება და ირანის ორბიტაზე გადადის.