სტიქია ოკუპირებულ აფხაზეთში – რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსგან მოწყვეტილია(ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით ტყვარჩელის რაიონი დააზარალა. განადგურებულია ინფრასტრუქტურაც.

ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია ხიდები და გზის მონაკვეთები, რის გამოც რამდენიმე სოფელი დროებით მოწყვეტილია გარე სამყაროსგან.

ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხადებით, მოსახლეობისთვის უკვე ორგანიზებულია პირველადი საჭიროების პროდუქტების მიწოდება და დაწყებულია დროებითი გზების მოწყობის სამუშაოები.

მისივე თქმით, შესაბამის “სტრუქტურებს” დაევალათ ზარალისა და დაზარალებული ოჯახების რაოდენობის დადგენა. ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის კომისია მოსახლეობას მატერიალურ და ორგანიზაციულ დახმარებას გაუწევს.

გეგმის მიხედვით, ხვალიდან დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოებისთვის მძიმე ტექნიკა გაიგზავნება.

სტიქიამ ასევე გავლენა მოახდინა გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებზე, სადაც ზიანის შეფასება და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები