„ლენტებით ნაქარგი თითოეული ნამუშევარი დიდი ფიქრის და გააზრების შედეგად იქმნება“ – ცარო ჯანაშვილის მარწყვის ბუჩქი გვირილებში, კესანები და ვარდები

დაიბადა წითელწყაროში (ახლანდელი დედოფლისწყარო). დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (რუსული ენა და ლიტერატურა) ფაკულტეტზე. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის 217-ე საშუალო სკოლაში. პარალელურად დაამთავრა მეორე ფაკულტეტი და დაწყებითი კლასების მასწავლებელიც გახდა.
ამბობს, რომ მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა სულ რაღაცებს აგროვებდა. განსაკუთრებით იტაცებდა ფილატელია და ნუმიზმატიკა. პარალელურად სულ ქარგავდა მულინის ძაფებით. მონაწილეობდა გამოფენებში. ერთ-ერთი ასეთი გამოფენა ჰქონდა დედოფლისწყაროში 1999 წელს, რომელიც  26 მაისს მიუძღვნა.
„გავიდა მრავალი წელი. და აი, უკვე ერთი წელია, დავიწყე ქარგვა ახალი ტექნოლოგიით – აბრეშუმის ლენტებით. წელს ისევ გამოიფინა ჩემი ახალი სტილის ნამუშევრები დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ჩემს ნახატებში დომინირებს ბუნების თემა. მიყვარს ყვავილები და ამ ხაზს ვერ გადავუხვევ“. – ცარო ჯანაშვილის პერსონა.

–  ფილატელიის და ნუმიზმატიკის გარდა კიდევ რა გიტაცებდათ?
– ბავშვობაში უამრავი რამით ვიყავი გატაცებული. ადრეულ ასაკში ვისწავლე ძველი ქართულით წერა და ჩემს მეგობრებს ვწერდი წერილებს .მეხუთე კლასში საბავშვო ბიბლიოთეკა „გავხსენი“ უბნის ბავშვებისთვის. ეს ისეთი ნამდვილი და საინტერესო იყო, რომ დღემდე მომყვება ემოცია.
– პარალელურად მულინის ძაფებით ქარგავდით…
– ქარგვა ჯვრებით დედამ მასწავლა მეოთხე კლასში. მალევე მოვუქარგე ჩემს ახალდაბადებულ დისშვილს პატარა ბალიში  და მისი სახელი ამოვქარგე.– ახალი ტექნოლოგიით – აბრეშუმის ლენტებით ქარგვა ახალია თქვენს შემოქმედებაში…
– ერთხელ, სადღაც ჟურნალში, თვალი მოვკარი ლენტით მოქარგულ პატარა ფრაგმენტს. ძილი და მოსვენება დავკარგე – საიდან დამეწყო, როგორ, რით? ამ დროს მე უკვე 70 წლის ვიყავი.
– ყვავილები… ფერადია თქვენი შემოქმედება. განსაკუთრებულად რომელი ყვავილი გიყვართ?
– მინდა ყველანაირი ყვავილის მოქარგვა ვცადო, მაგრამ, განსაკუთრებით კესანები, გვირილები და ვარდები მიყვარს.
–  ყვავილების ფესტივალში მონაწილეობდით. სიგელი დაიმსახურეთ…
– გამოფენაში მონაწილეობა სიცოცხლეს მმატებს.ერთ-ერთი ასეთი იყო „ყვავილების ფესტივალი”, რომელიც გაიმართა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მადლობა ორგანიზატორებს).–  გაქვთ გვერდი:  ცაროს ხელნაკეთი ხელოვნება – Tsaro’s Handmade Art. როგორ იქმნება თითოეული ნამუშევარი?  შთაგონება როგორ მოდის?
– ლენტებით ქარგვისას, ჩემი თითოეული ნამუშევარი დიდი ფიქრის, გააზრების შედეგად იქმნება. შთაგონება ჩვენ ირგვლივ არის. საკმარისია დავინახო ლამაზი ყვავილი, ხის ტოტი, რომ უკვე მომავალი ნაქარგის კონტურებს ვხედავ. მოქარგული მაქვს მარწყვის ბუჩქი გვირილებში, რომელიც ძალიან მოთხოვნადია.
–    საინტერესო ამბავი.
– მინდვრის ყვავილები მოვქარგე, მაგრამ, რაღაც არ მომწონდა. მაგრამ რა, ვერ ვხვდებოდი.  დედამაც შემამჩნია, რომ ვნერვიულობდი და თვითონაც დაიწყო „ჩხრეკა”. სკოლიდან დაბრუნებულს, ღიმილით მითხრა, აი ეს ადგილი „ითხოვს“ ფოთლებსო. მართლაც, რამდენიმე ფოთოლმა ნაქარგი გამოაკეთა.– ჰობი…
– ბავშვობიდან დღემდე უამრავი ჰობი მაქვს… მოგზაურობა, პირველ რიგში, მეგობრებთან ერთად.
–  ბედნიერება?
– ბედნიერება შენ ირგვლივ არის. ის უნდა დაინახო და შეინახო. ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმას, რაც ძალიან გიყვარს.
– ოჯახი…
– მყავდა მეუღლე, რომელიც ჩემი დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო…
–  სამომავლო გეგმები…
– ამ ზაფხულს იგეგმება ჩემი გამოფენა  თელავში და რამდენიმე სკოლაში კიდევ ლენტებით ქარგვის მასტერკლასები.

                                                                        თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები