პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილთან ერთად, გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი ტექნიკა და სივრცეები დაათვალიერა და საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

26 მაისთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გორში, ცენტრალურ მოედანზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ასევე გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა, რომელიც მთავრობის მეთაურმა, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.

გორში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აგრეთვე, პროგრამა დატვირთულია საბავშვო, შემეცნებითი და სახელოვნებო აქტივობებით, ეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები