გიორგი მარგველაშვილი: თითქოს, ქორწინების სახლთან ერთსქესიანთა წყვილების რიგებია, – ეს გამოგონილი თემაა

ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ გიმნაზიაში განაცხადა, სადაც თემაზე „ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი“ ლექცია წაიკითხა.
ერთსქესიანთა ქორწინების საქართველოში დასაშვებობის ალბათობაზე ერთ-ერთმა მოსწავლემ დასვა კითხვა.
„ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებულია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გვშია და ოკუპირებულები ვართ? რატომ ვიწვევთ ქარიშხალს ჭიქაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა არ ისაუბრონ გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილებზე. ამაზე საუბარი მათთვის გამოსავალია. თითქოს, ეს პრობლემაა და ქორწინების სახლთან ერთსქესიანთა წყვილების რიგებია და მათ ქორწინებისთვის პრობლემები ექმნებათ“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს გამოგონილი თემაა.
“მე მგონია, რომ ეს არის მოგონილი თემა. წარმოიდგინეთ, იმის მაგივრად, რომ მე დავიწყო ფიქრი – ვინ ვარ მე, დავიწყო ფიქრი, როგორ იფიქრებდა ილია ჭავჭავაძე, ვაჟა – ფშაველა, დავუბრუნდე რუსთაველს, ჩემს წინაპრებს და დრამატული ინტელექტუალური პროცესი გავიარო ნებისმიერ ასეთ საკითხთან მიმართებაში, ამის ნაცვლად მე მაძლევენ მზა რეცეპტს, რომ ქართველობა – ეს არის ქორწინების საკითხი,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები