ლაშა კილაძე: სააფთიაქო ნარკომანიის კუთხით არსებული საკანონმდებლო ბაზა მოდერნიზაციას საჭიროებს

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე მიიჩნევს, რომ სააფთიაქო ნარკომანია მეტ-ნაკლებად ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა მისი აქტუალიზაცია ახლა ხელისუფლების მიერ გაძლიერებულმა კონტროლმა და ტრადიციული ნარკოტიკების შემოსვლის აკრძალვამ განაპირობა. კალაძის განცხადებით, საჭიროა, რომ სააფთიაქო ნარკომანიის კუთხით, მოხდეს საკანონმდებლო ბაზის გარკვეული მოდერნიზაცია, თუმცა პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას, მან ისიც დასძინა, რომ ხელისუფლება ამაზე დიდი ხანია მუშაობს და პროცესები წინ მიიწევს.
„სააფთიაქო ნარკომანიის აქტუალიზაცია მოხდა მაშინ, როდესაც გადაიკეტა სხვა ტრადიციული ნარკოტიკების შემოსვლა ბაზარზე. ეს შემცირდა იმიტომ, რომ სახელმწიფომ ამ კუთხით გააძლიერა კონტროლი. ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლება ამ გამოწვევის წინაშე დგას. მინდა გითხრათ, რომ უკანასკნელ ტალღას მოჰყვა კონკრეტული ქმედებები, დაახლოებით 20-მდე აფთიაქი დაისაჯა, მაგრამ ფაქტია, რომ დღესდღეობით საკანონმდებლო ბაზა ამ კუთხით, მოდერნიზაციას საჭიროებს, თუმცა ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, მუშაობა ამ კუთხით უკვე მიმდინარეობს და სამინისტრომ დიდი ხანია, რაც გააგზავნა საპარლამენტო კომიტეტში შესაბამისი მოთხოვნები და საპარლამენტო კომიტეტიც მუშაობს ამაზე. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ევროსაბჭოსთან არსებული სტრუქტურისგან სარეკომენდაციო წერილი, რომელიც დიანტერესებულია ნარკოპოლიტიკაში თანამშრომლობით. მან ჩაატარა კონკრეტული კვლევა და რამდენიმე დღის წინ გამოაგზავნა 4 მოდელი ნარკოპოლიტიკის კუთხით. ამდენად ეს პროცესები, რა თქმა უნდა, მიდის, მაგრამ დროში და სივრცეშია გაწელილი.
კარგია, როდესაც კანონმდებლობის ლიბერალიზაცია მიმდინარეობს და ამ ტიპის დაავადებულ ადამიანებს სთავაზობენ მკურნალობას და არა სასჯელის მოხდას, მაგრამ პარალელურად ამას სჭირდება ძლიერი და გამართული ინფრასტრუქტურა, მზარდი მოთხოვნების ფონზე. სამწუხაროდ, ეს არ არის რამდენიმე თვეში გადასაჭრელი პრობლემა. უფრო მეტიც, ეს პრობლემა არსად გადაჭრილა რამდენიმე თვეში. ეს არის საკმაოდ ხარჯტევადი და დროში გაწელილი პროცესი“,- განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები