დიმიტრი ხუნდაძე გიორგი გაბუნიას: ამ სიმწვავით მსგავსი გადაცემა 2012 წლამდე გაგიკეთებიათ?

„ამ სიმწვავით და ამ ფორმით, თუ გაგიკეთებიათ მსგავსი გადაცემა 2012 წლამდე?“ – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ხელმძღვანელობას და გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს პირდაპირ ეთერში.

დეპუტატის ამ კითხვას პირდაპირ ეთერში დისკუსია მოჰყვა. ჟურნალისტმა პარლამენტის წევრის კითხვას მოგვიანებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ასეთი თემები ამ სიმძაფრით არ შუქდებოდა.

„ის დრო წავიდა. დრო წავიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ასეთი სიმძაფრით არ შუქდებოდა მერე?„ – ასეთი პასუხი გასცა დეპუტატს „არჩევანის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ.

პაუზის შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ამ გადაცემის თემის სახელწოდებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საზოგადოებაში პანიკას ქმნის.

„თქვენ ქმნით პანიკას ქვეყანაში. რა თქმა უნდა ქვეყანაში სოციალურად დაუცველები არიან და ეს პრობლემა არის ქვეყანაში. სოციალურად დაუცველთა პროგრამა არის ხარვეზიანი, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც თქვენ წარმოადგენთ. მოსახლების ათი- თორმეტი პროცენტი არის სოციალურად დაუცველი. ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა. ეს პრობლემები სამწუხაროდ იქნება ხვალაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამით დავკმაყოფილდეთ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

„არჩევანის“ დღევანდელი გადაცემის თემა, სათაურით -„შიმშილისთვის განწირულები“ სოციალურად დაუცველთა პრობლემებს ეხება. სტუდიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი და „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო დეპუტატი ნინო გოგუაძე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები