გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას შეხვდა.
შეხვედრისას განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში UNESCO-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ირინა ბოკოვას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან პირველად განხორციელდა.
„უკვე 20 წელია საქართველოსთან ვთანამშრომლობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ ძველი ქართული კულტურის მნიშვნელობაზე, ქართული ანბანის, საკათედრო ტაძრების, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ. გავაცანით პრეზიდენტს „იუნესკოს” საქმიანობა განათლების მიმართულებით.
განვიხილეთ უმაღლესი განათლების დიპლომების ორმხრივი აღიარებისა და განათლების მიმართ ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის საკითხები. ყველა ამ სფეროში ვფიქრობ, რომ ორმხრივი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს”, – განაცხადა ირინა ბოკოვამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ UNESCO-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საკითხში კულტურული მემკვიდრეობის საკითხი მნიშვნელოვანია, რომელიც საკვანძო პრიორიტეტების ნუსხაშია.
საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოტქვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების განათლების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებითაც.
საქართველოს პრეზიდენტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს 1992 წლიდან UNESCO-ს ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ირინა ბოკოვას ასევე, მადლობა გადაუხადა ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის UNESCO-ს მშვიდობის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, ბოკოვამ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა UNESCO-ს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გალაკონცერტის მხარდაჭერისთვის გადაუხადა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. საქართველოს პრეზიდენტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საჩუქრად ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებში რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ჭვირული ბალთის ასლი გადასცა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრები-პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები