მანანა კობახიძე გენერალ დუმბაძის მკვლელობის საქმეზე: მსგავსი დანაშაულების გამოძიება უმნიშვნელოვანესია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის დეპუტატი მანანა კობახიძე, გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, მეგის ქარდავასთვის ბრალის დაუსწრებლად წარდგენის ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი საქმეების გამოძიებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც დეპუტატმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ადამიანები, რომლებიც მსგავსი ტიპის დანაშაულებში ფიგურირებენ, დაუსჯელები არ დარჩნენ.
კობახიძის თქმით, საბოლოოდ, სასამართლო პრეროგატივაა, დაადგინოს, რასთან გვქონდა საქმე.
“ნებისმიერი მკვლელობა არის მძიმე დანაშაული, მით უმეტეს, თუ შეკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს საქმე და მასში ფიგურირებენ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი დანაშაულის გამოძიებას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ასეთი ტიპის დანაშაულთან ჰქონდათ შეხება“, – განუცხადა “კვირას“ მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ მეგის ქარდავამ შუამავლის მეშვეობით მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. სუს-ის ინფორმაციითვე, ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში დააკავეს და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.