ნუგზარ წიკლაური დავით კეზერაშვილის ოფშორული ანგარიშების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ Panama Papers-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
“მხოლოდ ის ვიცი, რომ გამოქვეყნებულ კვლევებში მითითებულია დავით კეზერაშვილის გვარი, რომელსაც ოფშორულ ფირმებში განთავსებული აქვს თავისი ანაბრები, მაგრამ სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ე.წ. პანამურ დოკუმენტში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებს.
შვეიცარიული გამოცემა Tribune de Geneve წერს,რომ 2006 წელს, როდესაც დავით კეზერაშვილი საქართველოში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურდა, საკუთრებაში მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა. 2008 წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა და… მალევე ოლიგარქი გახდა“.
გამოცემისვე ინფორმაციით, კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ყოფილი მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის სამი ოფშორული კომპანია დააფუძნა, რომელთა ანგარიშებზეც ნავთობის გაყიდვისგან მიღებული სოლიდური თანხები ირიცხებოდა.
შვეიცარიული გამოცემა იუწყება, რომ 2013 წელს, მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო და ინტერპოლმა მისი დაკავების ორდერი გასცა, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა პანამურ იურიდიულ Mossack Fonseca-ს მოულოდნელად დოკუმენტების ძველი თარიღით დარეგისტრირება მოსთხოვა. ამის შემდეგ, სასამართლო საქმის წარმოების დაწყებამდე, კეზერაშვილმა მთელი თავისი აქტივები კიდევ სხვა ორ ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა.