მცირეწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მცირეწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა.
როგორც საგამოძიებო განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, ზესტაფონის რაიონში პ.ფ-მ ძალადობის გზით გააუპატიურა 10 წლის გოგონა, ხოლო შემდეგ მცირეწლოვანთან გაუკუღმართებული სქესობრივი კონტაქტი დაამყარა.
“ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პ.ფ. 10 წლის გოგონას გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ქვეპუნტითა და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით პ. ფ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პ.ფ.-ს ბრალდების საქმეზე ჩატარდა სასამართლოს 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების მხარის 30 მოწმე. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ზესტაფონის რაიონში პ.ფ-მ ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გააუპატიურა 10 წლის გოგონა, ხოლო შემდეგ მცირეწლოვანთან დაამყარა გაუკუღმართებული სქესობრივი კონტაქტი.
სამართალდამცველებმა პ.ფ. 2015 წლის 4 ივნისს გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ პ. ფ. წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული და სასამართლოს განაჩენით, მას ჩამორთმეული ჰქონდა ავტოტრანსპორტის საშუალების მართვის უფლება, მიუხედავად ამისა, იგი არ ემორჩილებოდა დაკისრებულ აკრძალვას და ავტომობილს მართავდა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ პ. ფ. დამნაშავედ სცნო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელების ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, პ.ფ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები