საქართველოში მარტის თვეში ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა
2016 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,7 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, განაცხადა.
როგორც მან მშენებარე სასტუმრო „თბილისი რიქსოსში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 450,875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტია. მარტის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 170,281 შეადგინა, ზრდამ კი 24.8 პროცენტი შეადგინა. ვიცე–პრემიერის განცხადებით, აქამდე მარტში ამდენი ვიზიტორები არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 2015 წელს შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგინა 1.9 მილიარდი დოლარი, რაც 148.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წელთან შედარებით. ამასთან, საერთაშორისო მოგზაურებმა უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა, 2016 წლის ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, შეადგინა 218,904 ათასი ლარი, ზრდამ კი 26.9 პროცენტი. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით 6.7 პროცენტს, ზრდა კი 16.2 პროცენტს შეადგენს.
მინისტრმა გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე მშენებარე სასტუმრო „თბილისი რიქსოსზე“ ისაუბრა, რომელიც უცხოური ინვესტიციით ხორციელდება.
მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
„ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დროს პროექტს ჩავარდნა ემუქრებოდა. თუმცა სწორი მოლაპარაკებითა და ხელშეკრულების გონივრული გაგრძელებით წლის ბოლოს მისი მშენებლობა დასრულდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.