სასჯელაღსრულების სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, უწყებები პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთების რეალიზაციის, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების, არასაპატიმრო სასჯელის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოაწერეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის განცხადებით, მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების დასაქმება სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა და მემორანდუმები კი, უწყებას ამ მიმართულებით წამოწყებული ნოვაციების განხორციელებაში დაეხმარება.
„მემორანდუმი, რომელიც დღეს გავაფორმეთ, მსჯავრდებულების და პრობაციონერების დასაქმების კუთხით ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მერია დახმარებას გაგვიწევს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ ორ საწარმოში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის კუთხით. გარდა ამისა, მერიას უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს – გამწვანება, მშენებლობა და სხვა.
როგორც მერმა აღნიშნა, ყველა სათანადო ღონისძიება განხორციელდება იმისთვის, რომ ამ პროექტებზე დასაქმდნენ პრობაციონერები, ასევე, მსჯავრდებულები დაწესებულებებში, პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის ფარგლებში, მსჯავრდებულებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან, ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე სამუშაოების შესრულების უფლება ექნებათ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერია ხელს შეუწყობს პრობაციონერების აქტიურ ჩართვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეებში.
„მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, რათა ერთად გავაკეთოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმეები, ეს იქნება პრობაციონერების დასაქმება, დაწესებულებებში ნაწარმოები პროდუქციის რეალიზაცია და სხვა მიმართულებები, რათა ორივე მხარისთვის სასარგებლო შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია თბილისში რეგისტრირებულ მსჯავრდებულთა ჩართვა მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა. მხარეები შემეცნებითი ხასიათის ტრენინგების, სემინარების დაგეგმვა -განხორციელებასაც უზრუნველყოფენ. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ამ მიზნით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის დაგეგმილია ე.წ ონლაინმაღაზიის შექმნა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთები გაიყიდება.