სანდრა რულოვსი: პოლიტიკა “მძიმე საქმეა” და არ მაინტერესებს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი – სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას რულოვსმა განუცხადა.
როგორც რულოვსი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, იგი საპარლამენტო მარათონით დაინტერესებული არ არის. ექსპრეზიდენტის მეუღლე განმარტავს, რომ პოლიტიკა “მძიმე საქმეა”, და მას ამ ეტაპზე, არ აინტერესებს.
„არ ვაპირებ ნამდვილად, ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ამჟამად სხვა პრიორიტეტები მაქვს. ჯანდაცვის სფეროში განათლება და დიდი გამოცდილებაც მივიღე. მინდა, რომ ჯანდაცვის სფეროს ბევრ დეფიციტურ პრობლემაზე ვიმუშაო საქართველოში. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც არა აქვს ხელმისაწვდომობა, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯგუფს ეკუთვნის და ვისაც არა აქვს მკურნალობის ან რეაბილიტაციის საშუალება საქართველოში“,- განაცხადა რულოვსმა.
რულოვსი ქალთა კვოტირების შესახებ, მისი მეუღლის, ყოფილი პრეზიდენტის “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მოწოდებას გამოეხმაურა, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს საპარლამენტო სიის ნახევრის ქალებისთვის დათმობას სთავაზობს.
„ამას ნამდვილად მივესალმები და რომ არა მარტო ქალები, მე მგონი, ასევე უნდა იყვნენ უფრო მეტი ახალგაზრდები და ახალი პიროვნებები, უმცირესობების ჯგუფებიდანაც და, რა თქმა უნდა, ბევრი ქალი. ქალს მოაქვს სიმშვიდე, მოაქვს სხვანაირი მუხტი პარლამენტში, ახლა ძალიან ცოტა ქალია პარლამენტში, მაგრამ მე ნამდვილად არ შევდივარ“, – განუცხადა რულოვსმა “ამერიკის ხმას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები