სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშსს ეხმაურება და აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, რომლის ძირითადი მიზანი მსჯარვდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და შესაძლებლობების ფარგლებში, ითვალისწინებს მის რეკომენდაციებს და მუშაობს ყველა არსებული ხარვეზის და პრობლემის აღმოსაფხვრელად, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გზით. “რეფორმის ფარგლებში, კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლის მიზნით არაერთი სიახლე დაინერგა და პროექტი განხორციელდა. მათ შორის, აღსანიშნავი და განსაკუთრებით ხაზგასასმელია მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, რომელიც უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის რისკების მიხედვით დაწესებულებებში უკვე გადანაწილებულია 2700-ზე მეტი მსჯავრდებული. რისკების მიხედვით კლასიფიკაცია მთელს სისტემაში 2017 წლის 1 იანვარს დასრულდება. მსგავსი დაყოფა საშუალებას იძლევა მკვეთრად გაიმიჯნონ ერთმანეთისგან კრიმინალური სუბკულტურის მქონე და ის პირები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა მიზეზით მოხვდნენ, თუმცა შინაგანად კრიმინალური სუბკულტურის მატარებელნი არ არიან. რაც შეეხება მსჯავრდებულთა ერთიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზს, რომელიც ანგარიშში ასევე პრობლემადაა დასახელებული, გადაყვანა შესაძლოა, მოხდეს ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავად პატიმართა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ამასთან, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა ზომას მიმართავენ პატიმართა შორის და ზოგადად, პენიტენციურ დაწესებულებაში ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან ასაცილებლად. მსგავსი ფაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი და დაფიქსირების შემთხვევაში კი, მყისიერი რეაგირება ხდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა როგორც სისტემური დანაშაული აღმოფხვრილია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციების მიერ არაერთხელ აღინიშნა ანგარიშებსა და შეფასებებში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ N7 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით გაითვალისწინა როგორც სახალხო დამცველის, ისე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. N7 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა ნაწილი უკვე გადაყვანილია N6 მაღალი რისკის დაწესებულებაში, რომელიც ახალი გახსნილია და სრულად უზრუნველყოფილია მაღალი დონის ინფრასტრუქტურით. ლაითურში მაღალი რისკის დაწესებულების გახსნის შემდეგ N7 დაწესებულება დაიხურება. მოცემულ ეტაპზე კი, დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები კანონით განსაზღვრული ყველა სერვისით და სრული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. ზოგადად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, გარდა ამისა, გაიზარდა პატიმართათვის განკუთვნილი მინიმალური ფართი.

ასევე, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა და ამ მიმართულებით, უწყება არაერთ პროგრამას ახორციელებს. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მიხედვით მიმდინარეობს. მიდგომის ფარგლებში მულტი დისციპლინური ჯგუფი მუშაობს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, რეჟიმის თანამშრომლის და ექიმის შემადგენლობით, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სპეციალისტის (ფსიქიატრის და სხვა) ჩართულობით. მსჯავრდებულები ჩართული არიან სხვადასხვა სახის აქტივობებში – სპორტული, სასწავლო, არტთერაპიის პროგრამები და სხვა. ასევე, არაერთი პროექტი განხორციელდა და იგეგმება მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმების მიმართულებით, რაც მსჯავრდებულებს ერთის მხრივ გარკვეული დანაზოგის გაკეთების, მეორეს მხრივ კი, რესოციალიზაციასა და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაში დაეხმარება.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე განიხილა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რაც მიზნად სწორედ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობას ისახავს. ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს პატიმართა დასაქმების შესასძლებლობას სამინისტროს მიერ მცირე სარემონტო სამუშაოებზე, რისთვისაც ისინი მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას, ამასთან პროექტი ითვალისწინებს პატიმართა ინდივიდუალური შრომის შედეგად შექმნილი ნაკეთობების რეალიზაციის პროცესის ორგანიზებას და ხელშეწყობას სამინისტროს მიერ. გარდა ამისა, სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა მთავრობის განკარგულება, რომელიც შესაძლებელს გახდის სამინისრტომ შეიძინოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა შრომის შედეგად შექმნილი პროდუქცია.

რაც შეეხება ბრალდებულთა უფლებებს, რომელზეც ასევე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში, 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის თანახმად ბრალდებულებს უფლება ეძლევათ ისარგებლონ სატელეფონო საუბრით და მოკლევადიანი პაემნით თუ მათ ეს უფლება შეზღუდული არ აქვთ პროკურორის ან გამომძიებლის მიერ. ამასთან შესაძლებლად მიგვაჩნია შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რაშიც მიზანშეწონილი იქნება სახალხო დამცველის აქტიური მონაწილეობა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეფორმის ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება პენიტენციური ჯანდაცვაა. პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი 100%-ით გაიზარდა, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი სამედიცინო ცენტრი: სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რომელშიც ასევე ფუნქციონირებს 57 ადგილიანი საცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისთვის და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი. სამინისტრო ჩართულია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა გაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში.

უახლესი თაობის მედიკამენტებით მიმდინარეობს C ჰეპატიტით, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მკურნალობა. ასევე, წარმატებით ხორციელდება სუიციდის პრევენციის პროგრამა. ჩამოთვლილი და სხვა ღონისძიებების შედეგად, პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული პატიმართა გარდაცვალება – 2010 წელს პენიტენციურ სისტემაში 144 გარდაცვალების შემთხვევა იყო, 2011 წელს – 132; 2012 წელს – 67 გარდაცვლილი; 2013 წელს – 25; 2014 წელს – 27, ხოლო 2015 წელს გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სამინისტრო პენიტენციური ჯანდაცვის სრულყოფის მიზნით აქტიურობას კვლავ აგრძელებს“,-აცხადებენ უწყებაში და აღნიშნავენ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებისა და პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების მიზნით მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველის აპარატთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ყველა შესაბამის უწყებასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები