გაიყიდება თუ არა საამილახვრო ციხე კასპში – ნინო ერისთავს თაღლითობაში ადანაშულებენ

მწერალი ვაჟა ოთარაშვილი კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში არსებული კულტურული ძეგლის, საამილახვრო ციხესიმაგრის მესაკუთრეს ნინო ერისთავსა და მის ვაჟს, ერეკლე კუხიანიძეს ციხესიმაგრის თაღლითურად მითვისებასა და გასხვისების მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც „კვირას“ თავად ოთარაშვილმა განუცხადა, ნინო ერისთავი და მისი ვაჟი საამილახვრო ციხესიმაგრის მემკვიდრის, გენერალ ივანე ამილახვრის პირდაპირი შთამომავლები არ არიან.

ოთარაშვილის მტკიცებით, 2006 წელს კასპის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გენადი მილაძემ ყოველგვარი ისტორიული წყაროებისა და შთამომავლობის გამოკვლევის გარეშე, ორი ჭილის სკამის, ერთი ძველი სავარძლის, ძველი კარადის, ორი ვერცხლის დანა-ჩანგლისა და ერთი კოვზის საფუძველზე დაუმტკიცა მემკვიდრეობა, რაც ოთარაშვილის განმარტებითვე, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ შემთხვევაში, მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დასაყენებელია.

„ივანე ამილახვარს 10 დედმამიშვილი ყავდა. ერთ- ერთი ძმის, მიხეილ ამილახვრის ერთ-ერთი შტოა ნინო ამილახვარი, რომელიც გათხოვდა სოლომონ ჩოლოყაშვილზე და შეეძინა ქალიშვილი ეკატერინე ჩოლოყაშვილი. ეკა გათხოვდა ქსნის ერისთავ გიორგი ერისთავზე, შეეძინა ნინო ერისთავი, რომელიც გაჰყვა კუხიანიძეს და გაუჩნდა ვაჟი – ერეკლე კუხიანიძე. ამგვარად, ნინო ერისთავი უმცროსი და მითუმეტეს ერეკლე კუხიანიძე არ არიან ივანე ამილახვრის პირდაპირი მემკვიდრეები. ივანე ამილახვრის პირდაპირი მემკვიდრეები არსებობენ და ისინი ცოცხლები არიან. ნინო ერისთავისა და ერეკლე კუხიანიძის მიერ ამ ისტორიული ძეგლის ხელში ჩაგდება, თაღლითობის კლასიკური მაგალითია. სხვათა შორის, თაღლითობის მუხლით, 2000 წლის 29 თებერვალს დედა-შვილს დიდუბის რაიონის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს. მათ სასამართლოს დაუმალეს ივანე ამილახვრის პირდაპირი მემკვიდრის, ნიკოლოზ ზუბალაშვილის არსებობა.

ივანე ამილახვარი გენერალი იყო. 1905 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში. მას მემკვიდრეობით ეკუთვნოდა ქვემო ჭალაში არსებული ციხესიმაგრე. სხვათა შორის, სამემკვიდრეო ნაწილში არ არის მითითებული არც კარის ეკლესია, არც ციხეიკოშკები, რასაც კუხიანიძე იჩემებს“, – განაცხადა ოთარაშვილმა.

ოთარაშვილის თქმით, აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რომელიც ასევე ერეკლე კუხიანიძეს უკავშირდება. 1998-99 წლებში კუხიანიძემ თაღლითური გზით ხელში ჩაიგდო გორში, ივანე ამილახვრის სასახლე და ერთ-ერთ მსხვილ ბანკს სოლიდურ თანხად მიჰყიდა. ახლა იქ TBC ბანკი და „ავერსია“ განლაგებული.

„იგივე უნდა ქვემო ჭალაშიც“, – აღნიშნა ვაჟა ოთარაშვილმა. „კვირა“ საამილახვრო ციხესიმაგრის მესაკუთრეების პოზიციითაც დაინტერესდა და ციხესიმაგრის მესაკუთრეს, ნინო ერისთავს ესაუბრა, რომელმაც ვაჟა ოთარაშვილს არაკაცი უწოდა და გავლენიან პირებთან გარიგებაში დაადანაშაულა. ამასთან, ნინო ერისთავი ირწმუნება, რომ ციხესიმაგრის გასხვისებას არ აპირებს.

„რა შუაშია ერეკლე კუხიანიძე. მე ვარ მემკვიდრე და ჩემს სახელზეა გაფორმებული ეს სახლი. მე საერთოდ არ მაინტერესებს რას ამბობს ვაჟა ოთარაშვილი, თუ გნებავთ მობრძანდით და გაჩვენებთ ყველა დოკუმენტს. მაგისი ზერელე ლაპარაკი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ივანე ამილახვრის შთამომავალი ვართ და ერთადერთი მემკვიდრეებიც ჩვენ ვართ. ივანე ამილახვარს ჰყავდა ძმა – მიხეილი, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა. მიხეილ ამილახვრის ქალიშვილი, ანუ დედაჩემის ბებია, ბიძასთან, ივანე ამილახვართან იზრდებოდა. დედაჩემიც იმ სახლში დაიბადა, სანამ ბოლშევიკებმა არ გამოაგდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება მაქვს იმის თაობაზე, რომ ივანე ამილახვარი და მიხეილ ამილახვარი კანონიერი ძმები იყვნენ. რასაც უნდა იმას ტლიკინებს. მე კი მაქვს ერთი მოსაზრება, შეიძლება უსაფუძვლოა, მაგრამ მაქვს.. ის შეკრულია გავლენიან ადამიანებთან, რომლებსაც ამ მიდამოს ხელში ჩაგდება უნდათ. თუ გნებავთ, მობრძანდით გაჩვენებთ სურათებს, ერთი ძმის, მეორე ძმის, ძმიშვილების, დედმამიშვილების მიმოწერას. ეს საინტერესოა, ეს ჩვენი სამშობლოს ისტორიაა. ოთარაშვილმა ისეთი დოკუმენტი დადოს, რომ თავის სიტყვას ფასი ქონდეს. ჯერ ერთი, არ ვაპირებ არაფრის გაყიდვას, მაგრამ ვაითუ, რამე უბედურება დაგვემართოს და დაგვჭირდეს გასხვისება, ეს იქნება ყოველთვის კულტურული ძეგლი და არავის უფლება არ ექნება, არც მე და არც ახალ მფლობელს, რაიმე გადააკეთოს თავის ჭკუაზე“,-განმარტა ნინო ერისთავმა. საამილახვრო ციხესიმაგრე საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში კასპის რაიონის საკრებულოს 21 აგვისტოს სხდომაზე, მწერალ ვაჟა ოთარაშვილის მიერ გახმაურებული ინფორმაციის შემდეგ მოხვდა. საკრებულოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ ერთ- ერთი ბიზნესმენისგან შეიტყო, რომ ოჯახი ციხესიმაგრის უცხოელ ბიზნესმენზე გასხვისებას აპირებს. სწორედ ამიტომ, მოსახლეობამ კულტურული ძეგლის სახელმწიფოსთვის გადაცემის მოთხოვნით ხელმოწერებიც კი შეაგროვა, თუმცა როგორც „კვირას“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ციხესიმაგრის ამჟამინდელმა მფლობელმა ნინო ერისთავმა განუცხადა, იგი ნაგებობის სახელმწიფოსთვის გადაცემას არ აპირებს, რადგანაც თავის დროზე სახელმწიფო ციხესიმაგრეს არ მოფრთხილებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები