ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ 6 თვის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარმოადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ გაწეული საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარმოადგინა.
დეპუტატებმა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ჩართულობითა და ხელშეწყობით ხორციელდება.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, 2015 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე კომისიაში შესულია 265 განცხადება, რომლებიც ძირითადად სოციალურ თემებს, მათ შორის სარეიტინგო ქულების მინიჭებას, კერძო საკუთრებაში არსებული ქონების დაკანონებასა და დაუკანონებელ საცხოვრებელ სახლებში კომუნიკაციის შეყვანას ეხებოდა.

მისივე თქმით, კომისიამ რამდენიმე სხდომა ჩაატარა, რომლებიც დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწესრიგება-კონსერვაციას დაეთმო. დღესვე გულიკო ზუმბაძემ კოლეგებს განცხადება გააცნო, რომელითაც დედაქალაქის მერს სთხოვა, დაავალოს შესაბამის სამსახურებს ოპტიმალურ ვადაში წარმოადგინონ ანგარიში აღნიშნულ პოლიგონთან დაკავშირებით.

როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, 6 თვის განმავლობაში განხილული საკითხები შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნათ და ამ დროისათვის მიმდინარეობს მათი მონიტორინგი. გულიკო ზუმბაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური თემები კვლავ კომისიის პრიორიტეტად რჩება. კომისიის წევრებმა კი, სამოქმედო გეგმებში უფასო სასადილოების მომსახურების საკითხი შეიტანეს და აღნიშნეს, რომ სანიტარული სამსახურის შექმნა აუცილებელია, ვინაიდან ბენეფიციარებს არასათანადო მომსახურება ეწევათ. კომისიის სამოქმედო გეგმაში ასევე ჩადებულია მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების უზრუნველყოფა, თვითმმართველობის დაქვემდებარებაში სანიტარულ-ჰიგიენური სამსახურის ჩამოყალიბება; მერიის სისტემაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნა; ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების გაანალიზება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ხელმისაწვდომობა; თბილისის ტერიტორიაზე საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ზონებში ხმაურის შემცირების გადაუდებელი ღონისძიებები; დედაქალაქში არსებული კერძო ტაქსების გაუმართაობა და პრობლემის მოგვარების გზები, ფეხით მოსიარულეთა უფლებების დაცვა; ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათი დახმარებით ევროპული ქვეყნების თვითმმართველი ქალაქების გამოცდილების გაზიარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციას მოიცავს.
საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ 6 თვის განმავლობაში 10 სხდომა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები