„ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე პრაქტიკულად უარი თქვა“
„ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მანამ არ დასრულდება, სანამ არ დაიწყება რეალური საწარმოო სექტორის დაფინანსება. ხოლო, რეალური საწარმოო სექტორის დაფინანსება იმ პოლიტიკის პირობებში, რასაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, პრაქტიკულად შეუძლებელია. ქვეყანას არ აქვს არც ჯანსაღი საფინანსო სისტემა და არც ჯანსაღი ფინანსური რეგულირების სისტემა“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ გააკეთა.
კალანდაძის განცხადებით, სავალუტო ფონდის მოთხოვნებით, ეფექტიანი საფინანსო პოლიტიკის უზრუნველყოფა, ქვეყანაში ფინანსური რეგულირების სფეროში მაკროპრუდენციული მართვის მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.
„ როცა ვეყრდნობით ან ვიშველიებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის Safeguard Assessment of Central Bank და Financial Sector Assessment Program (FSAP) დოკუმენტებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ამ დოკუმენტებში გამოთქმულია ეროვნული ბანკის მიმართ რიგი კრიტიკული შენიშვნები იმ სისტემური ცვლილებების არ გატარებასთან და პრინციპული რეკომენდაციების არ გათვალისწინებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილი იყო სავალუტო ფონდის მიერ და რომელთა გატარების აუცილებლობის საკითხს დღესაც აქტიურად აყენებს ეს საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური სექტორის ზედამხედველობა სწორედაც რომ არ უნდა ჩაითვალოს ეფექტიანად და, მით უმეტეს, წარმატებულად“, – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
როგორც ექსპერტმა განმარტა, სავალუტო ფონდის რეკომენდაციების და, შეიძლება ითქვას, პრინციპული მოთხოვნების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა არ დანერგა მაკროპრუდენციული რეგულირებისა და რისკების მართვის სტანდარტები, რაც საშუალებას მისცემდა, ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილიყო ციკლური, სისტემური და სექტორული რისკების იდენტიფიცირების და, მეორე მხრივ, ფინანსური ნაკადების ეფექტიანი მართვის სისტემა (სისტემა უნდა დანერგილიყო 2014 წლის ნოემბერში).
„ეროვნულმა ბანკმა არ უზრუნველყო არაჰეჯირებული სესხების შეზღუდვა, ანუ ლარში შემოსავლის მქონე პირებისათვის სესხის დოლარში გაცემის შეზღუდვა, და რითაც არათუ არ შეამცირა სამომხმარებლო სავალუტო რისკები, არამედ პირიქით, სესხებთან დაკავშირებული სავალუტო რისკების ტვირთი მთლიანად მომხმარებელზე გადაიტანა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა არ შექმნა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელსაც მაკროპრუდენციული რეგულირება უნდა განეხორციელებინა და 2012 წლიდან საერთოდ შეწყვიტა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მომზადება. როცა ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურობას ვაფასებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით სებ-ი „წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას“ (მუხლი 95). შესაბამისად, ეროვნული ბანკი ძირითად აქცენტს ფასების სტაბილურობაზე აკეთებს და თავისი პოლიტიკით მან პრაქტიკულად უარი თქვა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე ფასების სტაბილურობის შეენარჩუნების სანაცვლოდ. თუმცა, რეალურად ეს უკანასკნელიც ვერ შენარჩუნდა“, – აღნიშნა კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, ეროვნული ბანკის ეს ცალმხრივი მიდგომა კარგად ჩანს რეფინანსირების განაკვეთის ზრდის არსებულ პრაქტიკაშიც. მისი თქმით, როდესაც 2015 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკს ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ურჩევნდნენ, ეროვნულმა ბანკმა ეს არ გააკეთა და არგუმენტად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე მოსალოდნელი ნეგატიური გავლენა დაასახელა. მაშინ კი, როცა ინფლაციური რისკები იზრდება, ანუ საფრთხე ემუქრება ფასების სტაბილურობას, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს.
„ ისმის ძალიან ლოგიკური შეკითხვა – დღეს რა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აღარ იმოქმედებს ნეგატიურად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე? პასუხი მარტივია – რა თქმა უნდა, იმოქმედებს. მაგრამ ეროვნული ბანკი მხოლოდ მაშინ იყენებს რეფინანსირების განაკვეთის მონეტარულ ინსტრუმენტს, როცა „საფრთხე“ ინფლაციის მაჩვენებელს ემუქრება. ანუ, ეროვნული ბანკი „ზრუნავს“ მხოლოდ ფასების სტაბილურობასა და ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლზე და მისთვის, ამ პირობებში, ნაკლებად პრიორიტეტულია ლარის კურსიც და, ზოგადად, ფინანსურ სტაბილურობის თემაც“,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.