დავით სონღულაშვილი სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ რძის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც რძის გადამმუშავებელ საწარმოში „წიფორა-სამცხე“ სამუშაო პროცესს გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „წიფორა-სამცხე“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ წარმოების გაფართოებისა და ტექნოლოგიური განახლებისთვის პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ არაერთხელ ისარგებლა, სესხის ოდენობა 1,6 მლნ ლარს აღემატება. საწარმოში, სადაც დღიურად 7-9 ტონა რძე გადამუშავდება და 4 სახეობის ყველი მზადდება, 60 ადამიანია დასაქმებული. პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქსელურ მაღაზიაში იყიდება. აღსანიშნავია, რომ რძის გადამმუშავებელი საწარმო 100% განახლებად ენერგიას მოიხმარს.

დავით სონღულაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს და მეწარმეებსაც შეხვდა.

„მეცხოველეობის დარგის მხარდაჭერის პარალელურად, მერძევეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო არაერთ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს. რძისა და რძის პროდუქტების წარმოების განვითარების მიმართულებით მოქმედი პროგრამები, პირველადი წარმოებისა და გადამმუშავებელი სექტორის მხარდაჭერასთან ერთად, მოიცავს სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამედროვე სისტემებისა და სტანდარტების დანერგვაში ფინანსურ დახმარებას. ჩვენი მიზანია სახელმწიფო პროექტებისა და პროგრამების საშუალებით მხარი დავუჭიროთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზაალ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი.

აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები