თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, აქციის მონაწილე ბრალდებულმა გადაწყვიტა, დაემზადებინა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობა ე.წ „მოლოტოვის კოქტეილები“, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამოიყენებდა, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს და სხვა მძიმე შედეგებს. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა შექმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის განთავსების და აფეთქების პირობები, აღნიშნული მოწყობილობები 2024 წლის 2 დეკემბერს, აღმოჩენილი იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რითაც აღიკვეთა მძიმე დანაშაული.
დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,229-ე მუხლის პირველი ნაწილით (აფეთქების მომზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.